logo
ENG



ორბანი: უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გადაცემას მხოლოდ ერთი პირობით დავთანხმდებით

30 იან 202416:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/30/4pi0iw3jxzlg9xp.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მზადაა წავიდეს კომპრომისზე და მხარი დაუჭიროს ევროკავშირის მიერ, დახმარების სახით უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემას, თუმცა აღნიშნულს მხოლოდ ერთი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დათანხმდება.

კერძოდ, ორბანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექნება გარანტია, რომ კიევისთვის "ფულის მიწოდების გაგრძელების გადაწყვეტილება ყოველწლიურად გადაიხედება."

არსებითად, ეს ნიშნავს იმას, რომ უნგრეთს ყოველ მომდევნო წელს ექნება შესაძლებლობა დაბლოკოს უკრაინის ფინანსური დახმარება.

"სამწუხაროდ, ეს პოზიცია ზოგიერთი ქვეყნის მიერ აღიქმება ან ინტერპრეტირებულია, როგორც ყოველწლიური შანტაჟის ინსტრუმენტი. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეს არ არის ვეტო შანტაჟისთვის, არამედ მიმართულია ევროკავშირის ერთიანობის აღდგენისა და შენარჩუნებისაკენ", - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

დეკემბერში ევროკავშირის ყველა ქვეყანა, უნგრეთის გარდა, უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა. ბლოკის ლიდერებმა ორბანის პოზიცია დაძლიეს იმით, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს უნგრეთის ლიდერს დარბაზის დატოვება შესთავაზეს.

თუმცა ევროპელმა ლიდერებმა ორბანის წინააღმდეგობის გამო ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის გამოყოფა ვერ შეძლებს. მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ საკითხს პირველ თებერვალს დაუბრუნდებიან.

ორბანი ერთადერთი ევროპელი ლიდერი იყო, რომელიც საჯაროდ აცხადებდა, რომ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებები არ უნდა გახსნილიყო.


close დახურვა