logo
ENG



სტრასბურგის სასამართლომ უგულავას მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა

01 თებ 202413:49
3 წუთის საკითხავი
 

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ პოლიტიკოს, გიგი უგულავას მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლოს ითვალისწინებს.

"2020 წლის 6 თებერვალს უგულავას უფლებადამცველმა უზენაეს სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების მოთხოვნით მიმართა. უკვე 10 თებერვალს კოლეგიამ მოსამართლე თადუმაძის აცილების საკითხი განიხილა, თუმცა განმცხადებელს შუამდგომლობაზე უარი ეთქვა. კოლეგიამ მიიჩნია, რომ განცხადებაში არ იყო საკმარისი არგუმენტაცია, იმისთვის რომ თადუმაძის აცილება მომხდარიყო", - წერია განცხადებაში. 

სტრასბურგის აზრით სწორად ამან გამოიწვია სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. 

სტრასბურგის გადაწყვეტილებას თავად გიგი უგულავაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სტრასბურგის ამ დასკვნით გამოჩნდა, რომ საქართველოს "სასამართლო სისტემა სამწუხაროდ ოლიგარქის შაპიტოა".

"ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ჩემს მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის - სამართლიანი სასამართლოს უფლება - დარღვევა დაადგინა. დაადგინა მოსამართლე თადუმაძის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი, როცა ის ჩემ საქმეზე პროკურორიც იყო და მოსამართლეც. შეგახსენებთ 2020-ში, პოლიტიკური კრიზისის დროს, თადუმაძის ხელმძღვანელობით, უზენესმა სასამართლომ შეცვალა წინა ინსტანციების გადაწყვეტილება და დამაკავა. მწვავე საერთაშორისო პროტესტის შემდეგ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იძულებული გახდა შევეწყალებინე. ეს ჩემი მეორე სარჩელია. პირველიც მოვიგე, რომელიც ჩემს 2014-ში დაკავებას ეხებოდა. ასე რომ სამართალი ურმით დადის, მაგრამ ადრესატამდე მაინც მიდის. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა სამწუხაროდ ოლიგარქის შაპიტოა", - წერს უგულავა.

*2020 წლის 10 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით უგულავას პატიმრობა მიესაჯა. თბილისის განვითარების ფონდის საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე იყო, ხოლო უზენაეში გასაჩივრების დროს, თადუმაძე უკვე მესამე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე იყო.

 

 


close დახურვა