Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ თეთრ სახლს შეატყობინა, რომ მთავარი სამხედრო მეთაურის ვალერი ზალუჟნის გადაყენებას გეგმავს.
როგორც გამოცემა წერს, გენერალ ვალერი ზალუჟნის გადაყენება, რომელსაც პრეზიდენტთან რიგ საკითხებზე კონფლიქტი ჰქონდა, მოჰყვება უკრაინის გასული წლის კონტრშეტევას, რამაც ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი დაბრუნება დაბრუნება ვერ უზრუნველყო.
ზელენსკის ოფისთან დაახლოებულმა წყარომ თქვა, რომ ზელენსკი და ზალუჟნი ვერ შეთანხმდნენ ახალ სამხედრო მობილიზაციასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი ეწინააღმდეგება ზალუჟნის წინადადებას 500 000 ახალი ჯარისკაცის მობილიზაციასთან დაკავშირებით. როგორც წყაროები ამბობენ, ზელენსკის მიაჩნია, რომ შეიარაღებულ ძალებში საკმარისი შემადგნელობაა, რომელთა გამოყენებაც უფრო ეფექტურად შეიძლება.
თუმცაღა, როგორც წყარო აღნიშნავს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან ზალუჟნის გათავისუფლების პროცესი შეჩერებულია, რადგან მხარეები სამომავლო ნაბიჯებს ათანხმებენ.
მეორე წყაროს ინფორმაციით, რომელიც Reuters-მა ჩაწერა, ზალუჟნის შეცვლასთან დაკავშირებით თეთრ სახლს პოზიცია არ დაუფიქსირებია.
"მინდა ხაზი გავუსვა, რომ თეთრი სახლის პასუხი მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ არც მხარს ვუჭერთ და არც ვეწინააღმდეგებით მათ სუვერენულ გადაწყვეტილებას. თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ უკრაინამ სუვერენულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თავის პერსონალთან დაკავშირებით", - თქვა წყარომ, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ აშშ ზალუჟნის გათავისუფლების წინააღმდეგი არაა.
Washington Post იყო პირველი გამოცემა, რომელმაც დაწერა, რომ უკრაინამ თავისი გადაწყვეტილების შესახებ თეთრ სახლს შეატყობინა. ხუთშაბათს CNN-ზე ზალუჟნის სვეტი გამოქვეყნდა, სადაც ის წერს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო საკმარისი ადამიანის მობილიზება.