logo
ENG



რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი აქციას მართავს - პროტესტი 10 დღეზე მეტია გრძელდება

03 თებ 202412:19
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები მორიგ აქციას მართავენ. საავადმყოფოს ეზოში შეკრებილი მედპერსონალი უკვე 10 დღეზე მეტია კლინიკის შენობის დემონტაჟისა და რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

ექიმები მსჯელობენ, როგორ გამოიყენონ კლინიკის რეორგანიზაციის და შენობების დანგრევის ერთი თვით გადავადება და მთავრობას გადაწყვეტილება შეაცვლევინონ. პროცესის შესაჩერებლად ექიმებმა სასამართლოს მიმართეს, თუმცა განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა.

საავადმყოფოს გარშემო განვითარებული ამბების შესახებ უკვე ინფორმირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

რეორგანიზაციამ ერთი თვით გადაიწია და 15 მარტამდე გადაინაცვლა. სწორედ ეს დრო აქვთ დასაქმებულებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დასაწერად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან დაითხოვენ. რეორგანიზაცია საავადმყოფოს 650 თანამშრომელს შეეხება.

22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ.

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ დამატებით ინფორმაცია გაავრცელა. მათი მტკიცებით, "თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს".

მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით".


close დახურვა