logo
ENG



"კომუნიკაცია გაგრძელდება" - ჯანდაცვის ახალი მინისტრი რესპუბლიკურის მედპერსონალს შეხვდა

14 მარ 202411:58
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თავის პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა. 

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მინისტრმა სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტთან და მედიკოსებთან ერთად, საავადმყოფოსთან დაკავშირებული ვითარება განიხილა და კლინიკაში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო. 

"მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამოცანა ყველასთვის ერთია - უპირველესად დაცული იყოს პაციენტების ინტერესები და ამასთან ერთად - სამედიცინო დაწესებულების პერსონალის უფლებები.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე. კლინიკასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ექიმებთან კომუნიკაცია გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაქსიმალურად დაბალანსებულად იქნება გათვალისწინებული როგორც საზოგადოებრივი, ისე - მედპერსონალის ინტერესები", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

***

ექიმები რესპუბლიკური სააავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილებასა და დაგეგმილ რეორგანიზაციას 1 თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ. შენობის დემონტაჟის შესახებ ცნობილი 22 იანვარს გახდა. 

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რათა კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

მთავრობის ადმინისტრაცია კი დამატებით გავრცელებულ ინფორმაციაში ამტკიცებდა, რომ "თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს".

2024 წლის 24 თებერვალს ახალმა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, რესპუბლიკურის საავადმყოფოს დემონტაჟი და რეორგანიზაცია რამდენიმე წლით შეაჩერონ. ამას წინ რესპუბლიკურის ექიმებთან კობახიძისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის შეხვედრა უძღოდა. 


close დახურვა