logo
ENG



წულუკიანი გელათზე: "არ ვიცი", ნიშნავს "არ ვიცი" - რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ

05 თებ 202416:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/05/qed2wexq60i5nw4.jpg

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ამ 2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ, სამინისტრო აღარ არის პასუხისმგებელი გელათის მონასტრის მდგომარეობაზე და შესაბამისად, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ვითარება არის მონასტერში.

კერძოდ, წულუკიანის თქმით, 2022 წლის 3 ოქტომბერს სამინისტრომ მეპატრონისგან მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც გელათში ნებისმიერი სახის სამუშაოები უნდა შეჩერებულიყო.

"ღიად გეუბნებით, რომ იმაზე, რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ. ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წლის სამი ოქტომბრიდან ჩვენ მოგვეცა მითითება, აღარ ვიმუშაოთ გელათში. ამიტომ ამ პერიოდიდან ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია ინსტიტუციურად რა ხორციელდება იქ. როგორც გვითხრეს, იუნესკო აპირებს ვიზიტს გელათში - პროაქტიულ, რეაქტიულ ვიზიტს. რა თქმა უნდა მათი დასკვნის შედეგად გვეცოდინება ამჟამად იქ რა ვითარებაა.

მე მაქვს რწმენა იმის, რომ იქ ყველაფერი არის კარგად და საუკეთესოდ. რაზეც ჩვენ, სამინისტრო ვაგებთ პასუხს არის პერიოდი 2021 წლის მაისიდან, 2022 წლის 3 ოქტომბრამდე - დღე, როდესაც მივიღეთ ოფიციალური წერილი და მითითება მესაკუთრიდან, რომ ყველა ტიპის სამუშაო იქ შეჩერებულიყო. ეს ნიშნავს რომ 2022 წლისა და 2023 წლის ზამთრები როგორ გაიარა ძეგლმა, არ ვიცით.

არ ვიცით, ნიშნავს არ ვიცით, ეს არც კარგს ნიშნავს, არც ცუდს ნიშნავს, ეს ნიშნავს, უბრალოდ, რომ არ ვიცი, ამას იმიტომ ვამბობ, რომ მისვამენ კითხვას, და როდესაც ვიცი, ვამბობ ვიცი და ვაგებ პასუხს, თავით, სისხლით, ხორცით, მაგრამ როდესაც არ ვიცი, არ ვიცი", - განაცხადა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ასევე ირწმუნება, რომ გელათის რეაბილიტაციის 2008 წელს შემუშავებული პროექტი ხარვეზიანი იყო, რომლის განხორციელებაც ასევე დიდი ხარვეზებით დაიწყო.

***

2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავდა. ამასთან, იტალიელმა რესტავრატორმა შეიმუშავა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში "დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს". 

იუნესკოს შეფასებით, ღვთისმშობლის ტაძარზე ცოტა ხნის წინ დამონტაჟებული კრამიტის სახურავი და წმინდა გიორგის ტაძარში ტენიანობის მუდმივმა პრობლემებმა დააზიანა კედლების მხატვრობა და მოზაიკა ორივე ეკლესიის შიგნით, რაც მის უნივერსალურ ღირებულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. 

გადახურვის შემსრულებელმა კომპანიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაშვებული შეცდომები ნაწილობრივ მას შემდეგ აღიარა, რაც შაბათის ფორმულაში ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს. 

გელათის შესახებ 30 იანვარს ანგარიში ჩუბინიშვილის ცენტრმაც გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობისა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაქირავებული იტალიური ასოციაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია და წარმოებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების აზრით, მოხატულობის მდგომარეობის მეტი დამძიმებისა და დამატებითი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, იტალიური ჯგუფის შემოთავაზებებისა და დასახული გეგმის დაუყოვნებლივ შეცვლა იყო საჭირო. 

დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ჩუბინაშვილის ცენტრში 31 იანვარს კულტურის სამინისტროს აუდიტის სამსახური შევიდა.

 


close დახურვა