logo
ENG



ბუჩუკური პრეზიდენტის ინიციატივაზე: ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ

06 თებ 202419:56
3 წუთის საკითხავი
clock 422
2024/02/06/f2fwm8vy5lnqkt5.jpg

პარტია საქართველოსთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, მომავლის ქარტიის შექმნასთან დაკავშირებით არ შეუერთდება. ამის შესახებ პარტიის წევრი, ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.

ბუჩუკური წერს, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში ძალიან კარგი იყო, სწორი გზავნილებით და აქცენტებით. თუმცა მისი თქმით, პლატფორმა, სადაც მონაწილეობას ასევე იღებენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენ, პარტიისთვის მიუღებელია.

"ქალბატონი პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში იყო ძალიან კარგი, სწორი გზავნილებით და სწორი აქცენტებით. ფაქტობრივად დაემთხვა ჩვენი გუნდის ლიდერისა და გუნდის პოზიციებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარდაჭერას, ქალბატონ სალომესთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას. მით უფრო, თავიდანვე ვამბობდით, რომ პრეზიდენტის როლი არჩევნების დაცვაში მნიშვნელოვანია.

თუმცა, მის მიერ დღეს პარლამენტში მოულოდნელად გაჟღერებული მრავალპარტიული პლატფორმა, სადაც მონაწილეობას ასევე იღებენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენ, ჩვენთვის მიუღებელია. შესაბამისად, ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ.

რა თქმა უნდა, ეს ჩვენს დამოკიდებულებას ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ არ შეცვლისმე ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - დიახ, მე მივეცი ხმა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას და ეს არასოდეს მინანია. ასევე, ვამაყობ, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქალბატონი სალომეს იმპიჩმენტის პროცესის ჩაშლაში", - წერს ბუჩუკური.

დღეს ზურაბიშვილმა პარლამენტში, წლიური მოხსენების წარდგენისას ოპოზიციას მომავლის ქარტიის - ერთობის პლატფორმა ევროპისთვის შექმნა შესთავაზა. ზურაბიშვილის თქმით, ის მზადაა, პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და მის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.


close დახურვა