logo
ENG



ლელოს ლიდერები პრეზიდენტს ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით შეხვდნენ

07 თებ 202412:15
3 წუთის საკითხავი
clock 386

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრები დაიწყო. შეხვედრები ზურაბიშვილის ინიციატივას "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" ეხება.

ცოტა ხნის წინ ორბელიანების სასახლე დატოვეს პარტია ლელოს ლიდერებმა ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ. შეხვედრის შემდეგ მათ მედიასთან კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ შეხვედრისას პრეზიდენტმა საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომელიც ლელოს ლიდერების თქმით, სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური სპექტრის საერთო ევროპული მიზნისკენ გაერთიანებას ეხება.

"პრეზიდენტთან შეხვედრა იყო მის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მან გააჟღერა გუშინ პარლამენტში გამოსვლისას. ეს ინიციატივა ემსახურება იმას, რომ მოხდეს პროქართული ძალების გაერთიანება ქვეყნის ძირითადი მიზნის ირგვლივ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. სწორედ ეს არის ის ინიციატივა, რომელიც უპირისპირდება ქართული ოცნების მცდელობას, რომ გახლიჩოს საზოგადოება და ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სწორედ გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები"- თქვა ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ.

გუშინ, 6 თებერვალს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენების დროს სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ინიციატივაზე ისაუბრა. მისი თქმით, უნდა შეიქმნას მომავლის ქარტია - "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის"

პრეზიდენტი ამბობს, რომ მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს პლატფორმის ჩამოყალიბებაში და ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც მისივე თქმით, ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს.


close დახურვა