logo
ENG



იოსელიანი: ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა სახელმწიფომ ყველაფერი სტიქიური უბედურებების ასაცილებლად

08 თებ 202414:25
3 წუთის საკითხავი
clock 396

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატი იკვლევს, შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიის შედეგად მიღებული ტრაგიკული შემთხვევების თავიდან აცილება. 

ეს განცხადება მან ბაღდათის მუნიციპალიტეტსა და ხულოში მომხდარ სტიქიებზე საუბრისას გააკეთა. ამ კონტექსტში სახალხო დამცველმა შოვში მომხდარი ტრაგედიაც ახსენა. 

იოსელიანის თქმით, იკვლევენ, გააკეთა თუ არა სახელმწიფომ ყველაფერი იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან "ესა თუ ის უბედური შემთხვევა თუ სტიქია".

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ეკოლოგიაზე, ეკოლოგიის შედეგად წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, შოვის ნაწილზეც. რა თქმა უნდა, ამ ნაწილზეც ჩავერთვებით. ჩვენ ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან ესა თუ ის უბედური შემთხვევა თუ სტიქია", - თქვა იოსელიანმა.

***

გასულ დღეებში სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი. ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა. 6 თებერვალს ხულოში ზვავის, ხოლო ქედაში მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. 

ცოტა ხნის წინ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ დასავლეთ საქართველოში გასულ დღეებში მომხდარ სტიქიაზე საუბრისას თქვა, რომ საფრთხეების შესახებ ადრეული შეტყობინებების სისტემები გაუმჯობესდება.


close დახურვა