ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მან საჭიროა, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს და მას მოქალაქეობა აღუდგინოს.
ბარამიძის თქმით, ზურაბიშვილის გამონათქვამები და პოზიცია ახლა ბევრად უფრო მისასალმებელია. ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.
"მადლობა ღმერთს, [ზურაბიშვილმა] დაინახა ივანიშვილის რეჟიმის გვარობა, რომ ივანიშვილის რეჟიმს საქართველო არ მიჰყავს ევროკავშირისკენ. ახლა მისი საქციელი, მისი გამონათქვამები, მისი პოზიცია ბევრად უფრო მისასალმებელია. მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის დამოკიდებულება არ არის პერსონიფიცირებული იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვინმესთან პერსონალური მტრობა კი არ გვაკავშირებს, ვინც დაიკავებს ნორმალურ პოზიციას, ვინც საქართველოს ინტერესების სამსახურს შეეცდება, ჩვენ მათთან პირადი მტრობა არ გვაკავშირებს, მიუხედავად უამრავი წყენისა.
ჩვენ უკანა პლანზე ვდებთ წყენას, პირად დაპირისპირებას და წინა პლანზე ვაყენებთ საქართველოს ინტერესებს. აქედან გამომდინარე, თუ სალომე ზურაბიშვილი ამ გზას დაადგა, რომ საქართველოს დაეხმაროს, გახდეს ევროკავშირის სტანდარტი სახელმწიფო და საბოლოოდ, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მან თანმიმდევრულობა უნდა გამოავლინოს - საქართველოს პრეზიდენტი ციხიდან გაათავისუფლოს და მეორე, აღუდგინოს მოქალაქეობა", - თქვა ბარამიძემ.
დღეს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ზურაბიშვილის მიერ ევროპული ერთიანობის პლატფორმის ინიცირებას მიესალმება, თუმცა ახლა არა დისკუსიის, არამედ საქმის დროა.
6 თებერვალს, ზურაბიშვილმა პარლამენტში, წლიური მოხსენების წარდგენისას ოპოზიციას მომავლის ქარტიის - ერთობის პლატფორმა ევროპისთვის შექმნა შესთავაზა. ზურაბიშვილის თქმით, ის მზადაა, პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და მის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.