logo
ENG



სახალხო დამცველი: მივესალმები გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას

15 თებ 202412:43
3 წუთის საკითხავი
 
სახალხო დამცველი: მივესალმები გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას
ვახო ქარელი/ფორმულა

სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გათავისუფლებას განცხადებით ეხმაურება და დადებითად აფასებს. 

იოსელიანის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატმა სასჯელაღსრულების ორგანოს მამალაძის თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განსახილველად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს 3 თვის წინ მიმართა.

"სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭომ 2024 წლის 14 თებერვალს დაასრულა საკითხის განხილვა და გიორგი მამალაძე გათავისუფლდა.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლების სხვა კრიტერიუმებს. სახალხო დამცველი მოუწოდებდა საბჭოს სრულყოფილად შეესწავლათ გიორგი მამალაძის მდგომარეობა და ჯეროვანი ყურადღება გამახვილებულიყო რეკომენდაციაში მითითებულ ყველა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წელს, სახალხო დამცველმა, მოწვეული სამედიცინო ექსპერტების დასკვნების საფუძველზე, რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის თაობაზე. შემდეგ პერიოდშიც გრძელდებოდა საქმის შესწავლა და სახალხო დამცველის 2020-2022 წლების ანგარიშებში მუდმივად იყო საუბარი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე და ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ ის ვერ იღებდა სათანადო სამედიცინო მომსახურებას სრულყოფილად.

საბოლოოდ, 2023 წლის 30 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით იუსტიციის მინისტრს მიმართა. სახალხო დამცველი მიესალმება მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას", - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში. 

*** 

დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემ გაავრცელა. მისი ცნობითგადაწყვეტილება უდოს კომისიამ მიიღო. თორნიკე მამალაძე აღნიშნავს, რომ დეკანოზის უდანაშაულობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფდა. 


close დახურვა