logo
ENG



თბილისში 24 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

19 თებ 202409:08
3 წუთის საკითხავი
clock 2036

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში მომხდარი 24 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთ ბრალდებულს მეგობართან შელაპარაკება მოუვიდა, მოგვიანებით, მას ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მეგობრებთან ერთად ავტომობილით მიაკითხა, ანგარიშსწორების მიზნით, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"ჯ.ს. - ს ბრალად ედება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.ხოლო გ.ზ. ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის არის დაკავებული" - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ჯ.ს. - ს თბილისში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში შელაპარაკება მოუვიდა მეგობართან, 1998 წელს დაბადებულ მ.ლ. - სთან. მოგვიანებით, ჯ.ს. - მ მას, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად ავტომობილით მიაკითხა, ანგარიშსწორების მიზნით, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ სროლის ფაქტს შეესწრო, ბრალდებულის და მოკლულის საერთო მეგობარი გ.ზ. - ც, რომელმაც მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ცრუ ინფორმაციის მიცემის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

"დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ტარდება შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ შსს-ში.


close დახურვა