logo
ENG



"ნება მომეცით, ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილი ვნახო" - ნავალნის დედა პუტინს მიმართავს

20 თებ 202416:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/20/1b8wosjgzxeb9gl.jpg

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დედა, ლუდმილა ნავალნაია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს და შვილის ცხედრის გადმოცემას ითხოვს. ნავალნაიამ ვიდეომიმართვა ჩაწერა.

"უკვე მეხუთე დღეა, ცხედარს არ მაჩვენებენ და არც მეუბნებიან სად არის. მივმართავ ვლადიმერ პუტინს, პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ნება მომეცით, ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილი ვნახო", - ამბობს ნავალნის დედა.

გუშინ, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ნავალნის დედას უთხრა, რომ ალექსეი ნავალნის ცხედარს ორი კვირის განმავლობაში არ გადასცემენ. საგამოძიებო კომიტეტის თქმით, ნავალნის ცხედარი ქიმიურ ექსპერტიზაზე გაგზავნეს, რომელიც 14 დღეს გასტანს.

***

16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა

ნავალნი 47 წლის იყო.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.


close დახურვა