კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღის მისალოცი წერილი გაუგზავნა.
პუტინმა მისალოც წერილში აღნიშნა, რომ ორ ქვეყანასა და ხალხს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.
"პატივცემულო ნიკოლ, გთხოვთ, მიიღოთ გულწრფელი მილოცვა თქვენი დაბადების დღის აღსანიშნავად. ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ და ჩვენ დაინტერესებული ვართ მათი შემდგომი თანმიმდევრული განვითარებით. გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს", - ნათქვამია მისალოც წერილში.
მანამდე, სომხეთის ევროკავშირთან დაახლოების მცდელობების საპასუხოდ, რუსეთმა სომხეთიდან პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესება დაიწყო. ამის შესახებ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის "კრიზისი" სწორედ იმ მიზეზებით დაიწყო, რაც ახლა სომხეთში ხდება. ასევე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა სომხეთს მოუწოდეს, ჩაატაროს რეფერენდუმი - შეინარჩუნოს თუ არა წევრობა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, თუ აირჩიოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზა.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის შეწყვეტას გამოიწვევს.
პუტინის შეფასებით, მოსკოვთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის შემთხვევაში სომხეთი დაკარგავს როგორც ენერგომატარებლებზე შეღავათიან ფასებს, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებულ უპირატესობებს. გარდა ამისა, სომხეთის მოქალაქეებს რუსეთში დასაქმებისთვის სამუშაო პატენტების აღება მოუწევთ.
ასევე სომხეთისა და ევროკავშირის დაახლოების ფონზე, სომხეთში რუსეთის ელჩი, კონსულტაციებისთვის მოსკოვში გამოიძახეს.
