logo
ENG



ბორელი: "მეორე ფრონტზე" მოწოდებები არ გვსმენია, ეს სერიოზულად არავის მიუღია

20 თებ 202418:06
3 წუთის საკითხავი
clock 551
2024/02/20/i8hjxmrupbxlgnr.jpg

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე "მეორე ფრონტის" შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ამის შესახებ განცხადებები "სერიოზულად არ მიუღიათ".

ჟურნალისტმა მათ ჰკითხა: "პრემიერმინისტო, თქვენ რამდენჯერმე ბრძანეთ, რომ უკრაინა მზადაა, საქართველოს ტერიტორიაზე მოხდეს "მეორე ფრონტის" გახსნა. დააკონკრეტეთ, რას გულისხმობდით. ბატონ ჯოზეფ ბორელთანაც მაქვს კითხვა, ქართველი პარტნიორები გატყობინებდნენ ის "საფრთხეების შესახებ", რაც მათი თქმით, უკრაინიდან მოდიოდა?".

ჯოზეფ ბორელმა უპასუხა, რომ "მეორე ფრონტთან" დაკავშირებით უკრაინის ოფიციალური პირებისგან მოწოდებები არ სმენიათ. ამასთან, დასძინა, რომ საქართველოსა და უკრაინას უნდა ჰქონდეთ საუკეთესო ურთიერთობა, რადგან მათი დაპირისპირებით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს.

"ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ საქართველოს და უკრაინას და ერთადერთი იმაზე შეიძლება ვისაუბროთ, რომ მათი დაპირისპირებით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს. ამიტომ კარგი განწყობა უნდა არსებობდეს ამ ურთიერთობებში. მეორე ფრონტთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას შემდეგი - ეს ხანგრძლივი ამბავია, არავის სერიოზულად ეს არ მიუღია და ამის შესახებ არც მოწოდებები არ გვსმენია არც უკრაინიდან, არც სხვა პირებისგან", - თქვა ჯოზეფ ბორელმა. [სინქრონული თარგმანი]

ამავე კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უკრაინის ოფიციალური პირებისგან "რამდენიმე განცხადება გაკეთდა მეორე ფრონტის შესახებ". მისივე თქმით, ქართველების დამოკიდებულება უკრაინისადმი ძალიან ძლიერია როგორც პოლიტიკურად, ასევე ჰუმანიტარულად.

"სამწუხაროდ, რამდენიმე განცხადება გაკეთდა მეორე ფრონტის შესახებ, რომელიც უკრაინელი ოფიციალური სამთავრობო პირებისგან მოდიოდა. უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი, სამწუხარო იყო ეს განცხადებები, თუმცა უკრაინასთან დაკავშირებით მტკიცედ გვწამს და მტკიცედ ვუჭერთ ქვეყანას მხარს პოლიტიკურად, ძლიერი ჰუმანიტარული დახმარებაც გვაქვს აღმოჩენილი უკრაინისთვის. ძალიან განსაკუთრებული, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს უკრაინელ ხალხთან. ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება უკრაინელების მიმართ", - უპასუხა კობახიძემ. [სინქრონული თარგმანი]

პრემიერმინისტრს ჟურნალისტმა სანქციების დაწესებაზეც ჰკითხა, რაზეც კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ "საქართველოს ძალიან ძლიერი არგუმენტები აქვს, რის გამოც არ აწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ".

"რაც შეეხება სანქციებს - ამ მიმართულებით ძალიან მკაფიო პოზიცია გაგვაჩნია, ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს, ჩვენ ამისთვის ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს, ამავდროულად, საქართველო არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლის მიზნით და ამას კიდევ უფრო გავაძლიერებთ მომავალში. პოზიცია ძალიან მტკიცეა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ძალიან ძლიერია, იმ განსაკუთრებული მეგობრობის გამო, რაც არსებობს საქართველოსა და უკრაინას, ქართველი და უკრაინელი ხალხს შორის", - თქვა კობახიძემ. [სინქრონული თარგმანი]


close დახურვა