logo
ENG



TI: 2023 წლის ბოლოს 3 თვეში ოცნებამ 9,5 მილიონამდე ლარის შემოწირულობა მიიღო

22 თებ 202414:00
3 წუთის საკითხავი
clock 409
2024/02/22/f7jl46iql1pvvon.jpg

საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველო ანგარიშს აქვეყნებს, სადაც 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პარტიების შემოწირულობებს მიმოიხილავს. 

ირკვევა, რომ 2023 წლის ბოლო სამ თვეშ ქართული ოცნების შემოწირულებები მკვეთრადაა გაზრდილი და თითქმის 9,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობების 93%-ია. 

TI-ის ცნობით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში 700 000 ლარამდე ღირებულების შემოწირულობა მიიღო. ამასთან, მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობა 13-ჯერ მეტია, ვიდრე სხვა ყველა პარტიის ერთად აღებული. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, ქართულ ოცნებას 284-მა პირმა შესწირა თანხა, სხვა ყველა პარტიას ჯამურად - 130-მა. 

რაც შეეხება დონორებთან დაკავშირებული კომპანიების შესყიდვებსა და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას, ორგანიზაციამ გამოავლინა, რომ ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულმა 12-მა კომპანიამ გასულ წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო. ამავე კომპანიებს 2013 წლიდან 1,7 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული. 

გარდა ამისა, ოცნების დონორებთან დაკავშირებულმა 24-მა კომპანიამ 2023-ის მეორე ნახევარში 616 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღო, 2013-დან კი ამავე კომპანიებს 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული. 

TI-მ დაადგინა, რომ ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას ტენდერი არ მოუგია, ხოლო გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები 3 კომპანიას ჰქონდა მიღებული, ჯამური ღირებულებით 15 000 ლარი. 

ამავე კვლევიდან ვიგებთ, რომ მმართველი პარტიის შემომწირველთან დაკავშირებულ 26 კომპანიას სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში 2017-2021 წლებში ჯამში 22 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება აქვთ მიღებული, ხოლო 2021-2022 წლებში რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 5 კომპანიას - 18 მილიონ ლარამდე. 

ანგარიშში საუბარია სავარაუდოდ, მესამე პირების მეშვეობით განხორციელებულ შემოწირულობებზეც. 

"მსხვილი ბიზნეს ჯგუფების დირექტორებისა და პარტნიორების გარდა, ხშირად მმართველი პარტიის დონორები კომპანიებში ისეთ პოზიციებზე დასაქმებული პირები არიან, როგორებიცაა ფინანსური ოფიცერი, გეოლოგი, მექანიკოსი, საამქროს უფროსი და ა.შ. ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ ისინი ფიქტიური დონორები არიან, რეალური შემომწირველი კი დაფარულია, რაც კანონდარღვევაა. 

ასეთი პრაქტიკა გამოიკვეთა RMG ჯგუფთან, ანაგი ჯგუფთან, ალიანსი ჯგუფთან, ნექსთი ჯგუფში დასაქმებულ დონორებთან დაკავშირებით ფიქტიური შემოწირულების ეჭვს აჩენს აგრეთვე დროის მცირე ინტერვალში ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწირულებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა შპს ლილო-მოლთან დაკავშირებით, როდესაც კომპანიის წვრილმა მეწილეებმა ერთსა და იმავე დღეს მსხვილი თანხები შეწირეს მმართველ პარტიას", - ვკითხულობთ ანგარიშში. 

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ 2023 წლის დეკემბრის საკნონმდებლო ცვლილებებით აიკრძალა იურიდიული პირების მიერ პარტიის სასარგებლოდ შემოწირულობების განხორციელება. ასევე, შემცირდა პარტიების მიერ წლის განმავლობაში გაღებული ხარჯების ზედა ზღვარი.

"ცვლილებები მეტწილად ფორმალური ხასიათისაა და ვერ აღმოფხვრის მმართველ პარტიასა და სხვა პარტიებს შორის არსებულ დიდ ფინანსურ უთანასწორობას", - აღნიშნავს TI.  


close დახურვა