ქვემო ქართლში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან.
სამუშაო ჯგუფმა მოსახლეობასთან შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო.
სამუშაო ჯგუფის ცნობით, მათი მიზანია კომპანია არემჯის საწარმოო ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს 2023 წელს სამუშაო ჯგუფის საქმიანობისა და კომპანია არემჯის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების პროცესის მონიტორინგის შედეგების შესახებ.
სამუშაო ჯგუფის წევრი და საინფორმაციო კამპანიის ინიციატორი ნინო ბურჭულაძე აცხადებს, რომ მოსახლეობამ ღიად უნდა დაიწყოს იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც გარემოსდაცვის მიმართულებით აწუხებს.
"ამ კამპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი არის ის, რომ მოსახლეობამ ღიად დაიწყოს საუბარი იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც გარემოსდაცვის მიმართულებით აწუხებთ, რაც ჩვენი საქმიანობის უკეთ დაგეგმვასა და სწორად წარმართვაში დაგვეხმარება.
თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩვენს შეხვედრებს უამრავი ადამიანი ესწრება, ერთის მხრივ მეტყველებს იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია როგორ გარემოში ცხოვრობს. მეორეს მხრივ, შეხვედრები იმართება მხოლოდ მოსახლეობის მხრიდან ნდობაზე, რაც ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა თითქმის 6 წლიანი საქმიანობით დაიმსახურა. ჯერ მხოლოდ სამი სოფლის მოსახლეობას შეხვდით და უკვე გამოიკვეთა ის პრობლემები, რომლებიც, სამწუხაროდ ჩვენი ყურადღების მიღმა რჩებოდა", - ამბობს ბურჭულაძე.
შეხვედრები უკვე გაიმართა ვარდისუბნის, დიდი დმანისის და მაშავერის მოსახლეობასთან. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები იგეგმება კიდევ რამდენიმე სოფელში.
საინფორმაციო კამპანიის ინიციატორია საყდრისის კომიტეტი. კამპანია დმანისის, ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში 2023 წლის თებერვალ- მარტშიც მიმდინარეობდა.