პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ოცნების მიერ დაანონსებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ამტკიცებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ამით "საზოგადოების დაცვა სურს".
"მე მესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთება. არის მძიმე ტენდენციები სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც პირდაპირ სტატისტიკაზეც აისახება. ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან საქართველოში, ეს არის აბსოლუტურად გასაგები. დანარჩენი ვნახოთ. კანონპროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად, ეს არის ჩემთვის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი.
თუ იქნება მთავრობის ჩართულობა საჭირო, არ ვიცი, რა ფორმით, როგორ, შეიძლება ჩვენ მივიღოთ ასეთ რამეში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მთავარია კონსტიტუციის პრინციპები უნდა იყოს დაცული, როდესაც ასეთი კანონპროექტი მომზადდება და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი პრინციპებით მომზადდება", - ამბობს კობახიძე.
გუშინ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დასაცავად" კანონპროექტს ამზადებენ. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება.
მდინარაძე ამტკიცებს, რომ ისინი უნდა დაუპირისპირდნენ "არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას" და ისეთი მაგალითები მოჰყავს, რომელიც სრულად ემთხვევა რუსული პროპაგანდის ნარატივს.
მდინარაძეს არ აუხსნია რას მოიცავს საკანონმდებლო ჩარჩო, თუმცა მისი რიტორიკიდან გამომდინარე, ეს შეგვიძლია დავუკავშიროთ რუსეთსა და უნგრეთში არსებულ ანტი-ლგბტ კანონებს.