logo
ENG



ჩხოროწყუს მერთან ფიზიკური დაპირისპირების გამო სპორტის განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავეს

04 მარ 202410:59
3 წუთის საკითხავი
clock 1360

ჩხოროწყუს მერ დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მერიის სპორტის განყოფილების ყოფილი უფროსი ედემ კვარაცხელია დააკავეს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს, მოგვიანებით კი, როგორც ფორმულასთვის გახდა ცნობილი, გამოძიება 353-ე მუხლით გაგრძელდა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

როგორც ფორმულასთვის არის ცნობილი, ამ დროისთვის ედემ კვარაცხელია სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ჩხოროწყუს მერ დავით გოგუასა და მერიის სპორტის განყოფილების ყოფილ უფროს ედემ კვარაცხელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

ფორმულას წყარო უყვება, რომ ჩხოროწყუს მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ედემ კვარაცხელია მუნიციპალიტეტის მერს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რასაც თავად ედემ კვარაცხელია უარყოფდა, თუმცა შელაპარაკების ფაქტს ადასტურებდა.

ფორმულას ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი ედემ კვარაცხელიას სამსახურიდან გათავისუფლება გახდა, რაც კვარაცხელიამ ჩვენთან საუბარში დაადასტურა და თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.


close დახურვა