ჩხოროწყუს მერზე, დავით გოგუაზე ძალადობაში ბრალდებულ, მერიის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსს, ედემ კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე ბებიამ მიიღო.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
დაცვის მხარე სასამართლოს 10 ათას ლარიან გირაოს სთავაზობდა.
ჩხოროწყუს მერ დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მერიის სპორტის განყოფილების ყოფილი უფროსი ედემ კვარაცხელია 4 მარტს დააკავეს.
თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს, მოგვიანებით კი, გამოძიება 353-ე მუხლით გაგრძელდა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.
ჩხოროწყუს მერ დავით გოგუასა და მერიის სპორტის განყოფილების ყოფილ უფროს ედემ კვარაცხელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ფორმულას წყარო უყვება, რომ ჩხოროწყუს მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ედემ კვარაცხელია მუნიციპალიტეტის მერს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რასაც თავად ედემ კვარაცხელია უარყოფდა, თუმცა შელაპარაკების ფაქტს ადასტურებდა.
ფორმულას ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი ედემ კვარაცხელიას სამსახურიდან გათავისუფლება გახდა, რაც კვარაცხელიამ ჩვენთან საუბარში დაადასტურა და თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.