logo
ENG



"30 წელში შეუძლებელი რეფორმები 2 წელში განვახორციელეთ" - აზარაშვილი საქმიანობას აჯამებს

04 მარ 202413:23
3 წუთის საკითხავი
clock 397

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და თავის ორწლიან საქმიანობას აჯამებს. აზარაშვილი, რომელიც თანამდებობიდან ახალმა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ "მართვის, კომუნიკაციის კუთხით პრობლემების" მიზეზით გადააყენა, ვრცელ პოსტში მადლობას ყოფილ პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უხდის.

"გულწრფელი მადლობა მსურს, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს 4 წლის წინ გამოჩენილი ნდობისთვის, 20 წლიანი საბანკო საქმიანობის შემდეგ რომ მომცა შესაძლებლობა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ჯერ ქვეყნის თავდაცვის მიმართულებით და 2022 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროში. ამიტომ ჩემთვის უძვირფასესი ჩემი საქმიანობის მისი გულწრფელი შეფასებაა.

სწორედ ამ მხარდაჭერითა და ერთსულოვნებით შევძელით სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება. ჩემთვის ეს ხომ ერთი ჩვეულებრივი სამსახური კი არა, ქვეყნისთვის მსახურება იყო.", - წერს აზარაშვილი.

აზარაშვილის თქმით, მისი სამინისტროში საქმიანობის ორწლიან პერიოდში ყოველი დღე იყო სტრესით, ზეწოლითა და პროტესტით სავსე, მათი ყველა გადაწყვეტილება კი - პრინციპული, გაბედული და რისკიანი. ის კვლავ ირაკლი ღარიბაშვილს ახსენებს და ამბობს, რომ "მისი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით განახორციელეს რეფორმები, რომლებზე საუბარიც ბევრს წარმოუდგენელი ეჩვენებოდა".

აზარაშვილი წერს, რომ "ხშირად მოკლევადიანი პიარით მოხიბლულებს გვავიწყდება, ვინ ვართ" და მინისტრად დანიშვნის პირველ პერიოდზე საუბრობს.

"ჯანდაცვის სექტორში მოცემულობა იყო კრიტიკულად რთული, სუსტი კონტროლით და სრული დერეგულაციით მიღებული სავალალო შედეგები კი – მყისიერად მოსაგვარებელი. ამას თან ერთოდა კოვიდის მიმდინარე საფრთხეები; ზოგიერთი კლინიკის და ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერად ფულის მიტაცების ცხადი ფაქტები", - წერს აზარაშვილი.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ "საამაყო გუნდთან ერთად შეძლო ისტორიის ერთი მოკრძალებული ფურცლის დაწერა". 

"მადლობა მათ მრავალსაათიან შრომაში გატარებული ყოველი დღისთვის. ბედნიერი ვარ, რომ არ დარჩა არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც არ გავატარეთ ან იდენტიფიცირებული და პროცესში არაა", - წერს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი.

აზარაშვილის თქმით, მის ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90%, ხოლო პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, რაზეც ამბობს, რომ "დღევანდელი გადმოსახედიდან, ალბათ შესაცვლელი პროპორციაა".

"ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა.

წარმატებას ვუსურვებ მომავალ მინისტრს, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთესი მენეჯერული უნარებით გულწრფელად გააგრძელებს ჩვენს მონაპოვარს, აღარასდროს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა და, შესაბამისად, მოსახლეობა და ბიუჯეტი კიდევ უფრო დაცული იქნება, კეთილდღეობა კი ყველა მოქალაქეზე აისახება. მე კი ვრჩები ჩემი ქვეყნის რიგით ჯარისკაცად და სამინისტროს გულმხურვალე გულშემატკივრად", - წერს აზარაშვილი.

1-ელ მარტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ჯანდაცვის მინისტრს ესაუბრა, რის შემდეგაც აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. 


close დახურვა