logo
ENG



თამბაქოს ნაწარმზე, შესაძლოა, აქციზი შემცირდეს

04 მარ 202419:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/04/sbl4pxsdg848b86.jpg

თამბაქოს ნაწარმზე, შესაძლოა, აქციზი შემცირდეს. შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში შედის, რომლის ინიციირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

კანონპროექტის თანახმად, აქციზის განაკვეთი 60 ლარიდან 30 ლარამდე მცირდება თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, "ჰომოგენიზებული" ან "აღდგენილი" თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და საგადასახადო კოდექსის 2403 19 (“დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე.

"საქართველოში მეთამბაქეობა ძირითადად გავრცელებულია მაღალმთიან აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხში. 2020 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქო გაშენებული იყო 140 ჰა-ზე, მიღებულმა მოსავალმა შეადგინა 314 ტონა და მეთამბაქეობით დაკავებული იყო 1000-მდე საოჯახო მეურნეობა. დარგის განვითარება დგას გარკვეული პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე, როგორიცაა გადამუშავების რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგია; კვალიფიციური კადრების და ლაბორატორიების არ არსებობა; არალეგალური სიგარეტის წილის ზრდა, რომლის ფასი უტოლდება დაფასოებული ე.წ. მოსაწევი თამბაქოს ფასს და აღნიშნულ პროდუქტს არაკონკურენტულს ხდის. ასევე

აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან, მას შემდეგ რაც საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძველზე გათანაბრდა უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი, მზარდი ტენდენციით ხასიათდება არალეგალური სიგარეტის იმპორტის მოცულობა. შესაბამისად, ადგილი აქვს გადასახადებისგან თავის არიდებას და სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს საგადასახადო შემოსავლებს. დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭიროა პირველ რიგში ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება, კერძოდ, ბაზრის გარკვეული სეგმენტისთვის გადასახადების შემცირება", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ინიციატორების აზრით, კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი წარმოების დაცვა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირება, სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა და ადგილობრივი გადამამუშავებელი ინდუსტრიის განვითარების სტიმულირება.

აღნიშნული ცვლილებებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, წლიურად შემცირდება დაახლოებით 24 965 047.2 ლარით. თუმცა, დეპუტატების აზრით, აქციზის განაკვეთის შემცირებით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგის კომპენსირება ბაზარზე არალეგალური სიგარეტის ლეგალურით ჩანაცვლებისა და შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე მოხდება.

დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტი ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საგადასახდო წელი 1 იანვრიდან იწყება.

ინიციატივის ავტორები - დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე და ელგუჯა გოცირიძე არიან.


close დახურვა