logo
ENG



2025 წლიდან პრემიერის, მინისტრებისა და პრეზიდენტის ხელფასები გაიზრდება - ოცნების ინიციატივა

04 მარ 202421:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/04/t9yg8m62bx188q9.png

2025 წლიდან პრემიერმინისტრის, პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტის ხელფასი გაიზრდება. ქართულმა ოცნებამ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა.

ქართული ოცნების პროექტის მიხედვით, თანამდებობრივი სარგოს კონკრეტული კოეფიციენტები დგინდება, შედეგად უმაღლესი თანამდებობის პირების ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს უმაღლესი კოეფიციენტი განესაზღვრათ. რაც იმას ნიშნავს, რომ მათი წლიური ანაზღაურება 160 ათას ლარს მიაღწევს. შესაბამისად პრეზიდენტის ხელფასი 75 ათასით, პრემიერის კი - 118 ათასით გაიზრდება. რაც შეეხება მინისტრებს, მათი ხელფასი საშუალოდ 50-დან 70 ათას ლარის ფარგლებში გაეზრდებათ.

მინისტრთა კაბინეტის, პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის თანამდებობრივი სარგო დგინდება კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.

ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტით, პრეზიდენტისა და პრემიერისთვის ეს კოეფიციენტი არის 10, ხოლო მინისტრებისთვის - 8.50.

აღნიშნული ცვლილება მოქმედ პრეზიდენტს, ზურაბიშვილს არ შეეხება, რადგან ცვლილებები არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.

კანონპროექტის ინიციატორები მმართველი პარტიის წევრები - რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე გიორგი ცაგარეიშვილი დავით მათიკაშვილი არიან.

კანონპროექტი სახელფასო განაკვეთის განსაზღვრის შესახებ, პარლამენტის ბიუროში უკვე დარეგისტრირდა. დამტკიცების შემთხვევაში ის ძალაში 2025 წლიდან შევა.


close დახურვა