logo
ENG



ქვიარ წიგნის ავტორები ამბობენ, რომ პრეზენტაციაზე უარი უთხრეს

05 მარ 202411:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/05/j8z20z016raj48t.jpg

განახლება: აჭარა ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ მუზეუმი მათგან დამოუკიდებელია, თავად კი მზად არიან, წიგნის პრეზენტაციას სივრცე დაუთმონ.

 

ქვიარ წიგნის - "ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში", ავტორები ამბობენ, რომ წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც 6 მარტს თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმის შენობაში უნდა გამართულიყო, აჭარა გრუპმა უარი განაცხადა.

ფორმულა დაუკავშირდა აჭარა გრუპს, სადაც განაცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გაავრცელებენ.

Creative Collective Spectrum-ის განცხადების მიხედვით, წიგნის ავტორებს "თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმის" ხელმძღვანელმა, ნესტან ნიჟარაძემ აცნობა, რომ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება “სამშენებლო ბლოკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო” შეუძლებელი იქნებოდა და ლოკაციის შეცვლა მოსთხოვა.

"გატყობინებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას წიგნის “ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” დაგეგმილი პრეზენტაციის შესახებ, რომელიც უნდა გამართულიყო 6 მარტს, “აჭარა ჯგუფის” მფლობელობაში არსებული სასტუმრო Stamba Hotel შენობაში განთავსებულ Tbilisi Photography & Multimedia Museum-ში. დაგეგმილ პრეზენტაციაზე არაერთი მცდელობის მიუხედავად აბსურდული მიზეზებით უარი გვეთქვა.

ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა პრეზენტაციის მასპინძელი, "თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმის" ხელმძღვანელი, ნესტან ნიჟარაძე, რომელმაც გვაცნობა, რომ 6 მარტს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდება, შეუძლებელი იქნებოდა შენობის “სამშენებლო ბლოკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო” და კატეგორიულად მოითხოვა ღონისძიების ლოკაციის შეცვლა - აღნიშნული მიზეზი არამხოლოდ დაუჯერებელ სიყალბედ მიგვაჩნია, არამედ არის საგანგაშო სიგნალი, რაც ცალსახად გვანიშნებს, რომ ნაცვლად წინააღმდეგობისა და გამბედაობისა, რაც ყველაზე მეტად მოეთხოვება ასეთ დროს თავისუფალ სახელოვნებო ინსტიტუციას, სამწუხაროდ ინსტიტუციამ თავი ცენზურას დაუქვემდებარა და ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე მოექცა ჰომოფობიური დისკურსის ქვეშ. ასეთი ნაბიჯი ყველა იმ იდეალის ღალატის ტოლფასია, რომელსაც წიგნში მოხმობილი არტისტები ატარებენ და ამაზე ხელის მოწერა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია", - წერია განცხადებაში. 


close დახურვა