logo
ENG



მუზეუმი: წიგნის პრეზენტაციისას უსაფრთხოების დაცვის საკითხი დააყენეს, ამის რესურსი არ გვაქვს

05 მარ 202418:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/05/sznd8nj3mz2cqk5.jpg

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმი წიგნის - "ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში" პრეზენტაციის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

მუზეუმი ამბობს, რომ ქვიარ წიგნის გარშემო საჯაროდ გავრცელებული ჰომოფობიური განცხადებების შემდეგ, წიგნის საინვესტიციო ჯგუფმა პრეზენტაციის დღეს მუზეუმის უსაფრთხოების ზომების დაცვის საკითხი დააყენა. მუზეუმის განცხადებით, ამის რესურსი მათ არ აქვთ.

"წიგნის “ცის ფერი“ პრეზენტაციასთან საჯაროდ გავრცელებული ჰომოფობიური განცხადებების შემდეგ, წიგნის საინიციატივო ჯგუფმა პრეზენტაციის დღეს მუზეუმში უსაფრთხოების ზომების დაცვის საკითხი დააყენა. რისი უზრუნველყოფის რესურსიც ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმს არ აქვს. მუზეუმი სამშენებლო ბლოკში მდებარეობს, სადაც ამჟამად მძიმე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოს მასშტაბი შეუძლებელს ხდის უსაფრთხოების იმ ზომების უზრუნველყოფას, რომელიც შესაძლო რისკებისგან და აგრესიულად განწყობილი ჯგუფებისგან დაიცავდა პუბლიკას. 

ამის შესახებ მუზეუმმა საინიციატივო ჯგუფს ჯერ კიდევ პრეზენტაციამდე 1 კვირით ადრე აცნობა და განუმარტა, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, მუზეუმი ვერ უმასპინძლებდა ღონისძიებას და ვერცერთ ვიზიტორს ვერ დააყენებდა თუნდაც მინიმალური რისკის ქვეშ. მითუმეტეს, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე რადიკალური ჯგუფების მიერ გამოხატული აგრესიის არაერთი შემთხვევა გვახსოვს, მათ შორის, ტრაგიკული დასასრულით.

მუზეუმი, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი პლატფორმა, არსებობის პირველი დღიდან გამძაფრებული პასუხისმგებლობით ახორციელებს ყველა თავის პროექტს, რომელთა უმეტესობაც, სწორედ განსხვავებული ჯგუფების გაძლიერების, საზოგადოების მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობისკენ არის მიმართული, სადაც ჩვენი დიდი თემის და აუდიტორიის თითოეული წევრის უსაფრთხოება პრიორიტეტია.

წიგნის “ცის ფერი“ საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადება არსებული მოცემულობითა და ფაქტებით მანიპულაციაა, რითაც საერთო საქმე მხოლოდ ზარალდება. მუზეუმი ეპატაჟის გარეშე გააგრძელებს თავის საქმიანობას და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად განსხვავებული ჯგუფების ინტერესებს დაიცავს", - აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში.

დღეს, 5 მარტს ქვიარ წიგნის - "ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში", ავტორებმა თქვეს, რომ თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმის შენობაში მათი ღონისძიება უნდა გამართულიყო, თუმცა აჭარა გრუპმა უარი განაცხადა.

აჭარა ჯგუფის თქმითთბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი მათგან დამოუკიდებელია და თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა ღონისძიება გაიმართოს მათთან, თავად კი მზად არიან, წიგნის პრეზენტაციას სივრცე დაუთმონ.


close დახურვა