საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტს "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასები გაიზრდება.
კანონპროექტში ცვლილებებს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ეს ნიშნავს, რომ მომდევნო წლიდან პრემიერმინისტრის, პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტის ხელფასი გაიზრდება. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ქართული ოცნებაა.
პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს უმაღლესი კოეფიციენტი განესაზღვრათ. რაც იმას ნიშნავს, რომ მათი წლიური ანაზღაურება 160 ათას ლარს მიაღწევს. შესაბამისად პრეზიდენტის ხელფასი 75 ათასით, პრემიერის კი - 118 ათასით გაიზრდება. რაც შეეხება მინისტრებს, მათი ხელფასი საშუალოდ 50-დან 70 ათას ლარის ფარგლებში გაეზრდებათ.
მინისტრთა კაბინეტის, პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის თანამდებობრივი სარგო დგინდება კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.
ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტით, პრეზიდენტისა და პრემიერისთვის ეს კოეფიციენტი არის 10, ხოლო მინისტრებისთვის - 8.50.
აღნიშნული ცვლილება მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არ შეეხება, რადგან ცვლილებები არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.
კანონპროექტის ინიციატორები მმართველი პარტიის წევრები - რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე გიორგი ცაგარეიშვილი დავით მათიკაშვილი არიან.
კანონპროექტი ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა.