მედიის ადვოკატირების კოალიცია პოლიციის მხრიდან რეგიონული მედიის, TOK TV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტს ეხმაურება.
მედიაკოლიაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევა.
"ადგილობრივი მედიის TOK TV-ის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უშლიან ხელს პოლიციის წარმომადგენლები ჟურნალისტს ადიგენში მიმდინარე შეხვედრის გაშუქებაში, რომელსაც მერიისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მედია ცდილობდა, გაეგო თუ რა ხდებოდა მედრესესთან სადავო საკითხთან დაკავშირებით.
პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მედიის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა სერიოზულ კითხვებს აჩენს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებასა და პრესის თავისუფლებასთან მიმართებით. მსგავსი ინციდენტი ზღუდავს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას და ხელს უშლის პრესას პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სწრაფად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი და მედიის წარმომადგენლებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა უზრუნველყოს", - ნათქვამია განცხადებაში.
***
გუშინ, 8 მარტს ადიგენის ცენტრში მუსლიმებს პარასკევის ლოცვა ჩაუშალეს. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.
კერძოდ, დაპირისპირება იუსუფ მიქელაძის სახლთან მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას ბათუმელებმა გაავრცელა.
სახლის გარეთ ათეულობით პოლიცია და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც.
ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის თქმით, გარკვეული პირები შუღლის გაღვივებას ცდილობენ. მან ახსენა ადგილობრივ მღვდელი. ასევე, განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა გასულ კვირასაც მოხდა.
დეპუტატი ტარიელ ნაკაიძემ პრემიერ ირაკლი კობახიძეს რეაგირებისკენ მოუწოდა.