logo
ENG



პოლონეთში, ქართველ კაცს, ცოლის მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

11 მარ 202418:43
3 წუთის საკითხავი
clock 479
2024/03/11/l4iarcpyylbbrt8.jpg

პოლონეთში, ქართველ კაცს, ცოლის მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. საქმე ეხება 2022 წლის 24 მაისს, ქალაქ ლოძში მომხდარ მკვლელობას.

მსჯავრდებული ცოლზე წლების განმავლობაში, სისტემატიურად ძალადობდა, რის გამოც როზეტა ყალიჩავამ 2022 წლის მაისში საფარის იურისტს დახმარებისთვის მიმართა.

საფარის ცნობით, ორგანიზაციამ საქმის კურსში საქართველოსა და პოლონეთის შინაგან საქმეთა ორგანოები ჩააყენა, მათ შორის შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი და საქართველოს საელჩო პოლონეთში, რომელთა ჩართულობითაც პოლონეთის საგამოძიებო ორგანოებს უნდა დაეწყოთ ოჯახში სისტემატური ძალადობის საქმის გამოძიება, ხოლო თარჯიმნის მომსახურებას საელჩო უზრუნველყოფდა.

"სახელმწიფო სტრუქტურების გაუმართავი მუშაობის გამო, ქალზე სისტემატურად მოძალადე კაცის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და პოლონეთის საგამოძიებო ორგანო კაცისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებით შემოიფარგლა. შედეგად, კაცი სახლში დაბრუნდა და, 2022 წლის 24 მაისს, ქალი სახლში მარტო ყოფნის დროს მოკლა შემდეგ კი, კვალის დასაფარად, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ქალის მკვლელობის შემდეგ, მისი 3 მცირეწლოვანი შვილი საქართველოში, ყალიჩავას დედის ოჯახში დაბრუნდა და ამჟამად საფარი მუშაობს იმაზე, რომ ბავშვებზე მეურვეობის უფლება ბებიამ მიიღოს.

"სასამართლომ დაადგინა, რომ როზეტა ყალიჩავა სიცოცხლეში იყო სისტემატური ძალადობის მსხვერპლი და ამის ძირითადი მტკიცებულება ქალსა და თამარ ლუკავას შორის შემდგარი მიმოწერა იყო.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთის საგამოძიებო ორგანოების დროული მოქმედების შემთხვევაში, ეს ფატალური შედეგი არ დადგებოდა. ძირითადი სასჯელის გარდა, დამნაშავეს როზეტას არასრუწლოვანი შვილებისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, თითოეულისთვის დაახლოებით 50 000 ევროს (200 000 პოლონური ზლოტი) ოდენობით.

საფარის ცნობით, საქმე დასრულებული არ არის და ამჟამად, Helsinki Foundation for Human Rights-თან ერთად გრძელდება მუშაობა ბავშვებისთვის კომპენსაციის მიღების აღსრულებისა და პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან გულგრილობის გამო სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.


close დახურვა