შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ახალი ვერტმფრენი გადაეცა. ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება 2022 წლის დეკემბერში გაფორმდა. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.
როგორც შსს-ში აცხადებენ, თანამედროვე ევროპული ტიპის H 145 ვერტმფრენი ფრანგული კომპანია Airbus Helicopters ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა. უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავს ვერტმფრენებს წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.
"სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას გერმანიაში, Airbus Helicoptersის სასწავლო აკადემიაში გადიან. მომზადების კურსი 15 მარტს დასრულდება, რომლის შემდგომაც ქართული ეკიპაჟის მიერ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება განხორციელდება", - აღნიშნავენ შსს-ში.