logo
ENG



ბათუმში დააკავეს კაცი, რომელიც ცოლის არასრულწლოვან დისშვილს სექსუალურად ავიწროებდა

12 მარ 202422:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/12/xqi5s870h1dr1q4.jpg

ბათუმში დააკავეს კაცი, რომელიც ცოლის არასრულწლოვან დისშვილს სექსუალურად ავიწროებდა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

თავდაპირველად ინფორმაცია გამოცემა Ajara Times-მა გაავრცელა. გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ კაცს 15 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა. ასევე, წყარომ გამოცემას უთხრა, რომ არასრულწლოვანმა სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ დეიდას უამბო, რომელიც გოგოს ფიზიკურად გაუსწორდა.

"გოგო [დეიდის მხრიდან] ცემის შემდეგ, გაიქცა სახლიდან და პოლიციაში უჩივლა. ვიდრე პოლიცია რეაგირებას მოახდენდა, 15 წლის გოგომ მომხდარის შესახებ შეყვარებულსაც უამბო, ამ უკანასკნელმა კი სექსუალურად მოძალადე კაცთან გასაუბრება სცადა, რაც გოგოს შეყვარებულის დაჭრით დასრულდა. მოგვიანებით, ცოლ-ქმარი პოლიციამ დააკავა, თუმცა ქალი გირაოს სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს", - უთხრა გამოცემას წყარომ.

წყაროს ცნობით, ამჟამად არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური ძალადობა მიმდინარეობს და ბრალდებულის ოჯახის წევრები მას გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აიძულებენ. წყაროს ინფორმაციით, 15 წლის გოგოს დედა ემიგრაციაშია, შვილი კი დასთან ჰყავს დატოვებული.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს. ასევე, შსს-ში გვითხრეს, რომ გამოძიება არასრულწლოვანის დეიდის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


close დახურვა