logo
ENG



ლელო: 9 თვეში მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 365 მილიონი ლარი დახარჯა

15 მარ 202412:42
3 წუთის საკითხავი
clock 323

ლელოს ინფორმაციით, 2023 წლის 9 თვეში საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 365 მილიონი ლარი დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 58 მილიონი ლარით მეტია.

ამ თემაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართა და 2013-2022 წლის მონაცემებზე ისაუბრა. 

ბუაძის თქმით, 2012 წელს საჯარო სექტორში დასაქმებული იყო 287 000 ადამიანი, 2022-ში კი მათ რაოდენობა 308 000-მდე გაიზარდა.

პარტიაში აცხადებენ, რომ 2013-2022 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან  ჯამში დაახლოებით 16,8 მილიარდი ლარის ოდენობის ხელფასი გაიცა, მათ შორის, შტატგარეშე თანამშრომლებზე – 2,3 მილიარდი. 

2013 წლიდან 2022 წლამდე შტატგარეშე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება ბიუჯეტიდან 347 მილიონი ლარით გაიზარდა.

 

2022 წელს 2016 წელთან შედარებით, სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა 18 470-ით გაიზარდა.

პარტიაში ამბობენ, რომ შტატგარეშე მოსამსახურეთა დასაქმების საჭიროება ბუნდოვანია და ხელშეკრულებებში არც მათი ფუნქცია-მოვალეობაა დეტალურად გაწერილი.

მათივე თქმით, "საქართველოს მთავრობა უმუშევრების შემცირებას საჯარო სექტორში დასაქმების გზით ცდილობს, რაც არ არის მისაღები".

"საქართველოს მთავრობამ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით 30 000 ადამიანი დაასაქმა სრულიად ხელოვნურად შექმნილ პოზიციებზე, რაც წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის ზრდაა. მაგალითად, მესტიაში 143 ადამიანი სტადიონის დამლაგბელის, ხოლო 170 ადამიანი აუზების გამწმენდის პოზიციაზეა დასაქმებული. თიანეთში 126 ადამიანი სასაფლაოს მომვლელია, ხოლო 149 მეეზოვე. ამ პროგარმაზე წელს 100 მილიონზე მეტი დაიხარჯება.

არსებობს კონკრეტული მაგალითებიც, სადაც კარგად ჩანს როგორ იფლანგება ჩვენი თანამოქალაქეები მიერ გადახდილი გადასახადები.

ზუგდიდის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 2018-2020 წლებში 130-ით, ხოლო ხარჯი 3 მილიონით გაიზარდა.  

2018-2020 წლებში ზუგდიდის ბიუჯეტიდან 10 ა(ა)იპ-ის დაფინანსებაში 41 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც საშუალოდ ზუგდიდის ბიუჯეტის 27% იყო. 2-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა “ბოტანიკურ ბაღში”, ხოლო 10-ჯერ საფეხბურთო კლუბ “ოდიშში”.

ბორჯომის 2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, ბორჯომში საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა მინიმუმ 1151 ადამიანია, რაც მოსახლეობის 5%-ს უდრის.

საქართველოს მთავრობა უმუშევრების შემცირებას საჯარო სექტორში დასაქმების გზით ცდილობს, რაც არ არის მისაღები. სახელმწიფომ სხვადასხვა გადაწყვეტილებებით თუ პროექტებით უნდა შექმნას გარემო, რომელშიც სამუშაო ადგილებს ქმნის არასახელმწიფო სექტორი, ხოლო საჯარო სამსახური არის მცირე, პროფესიული, ეფექტური და ნეიტრალური" - აცხადებენ პარტიაში.

 


close დახურვა