logo
ENG



ანაკლიის პორტის პროექტირებისა და მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

18 მარ 202412:43
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. სამინისტროს ცნობით, ტენდერი მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით გამოცხადდა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ შესყიდვისთვის გამოყენებული იქნება ერთეტაპიანი შესყიდვის პროცედურა, ლიმიტირებული საერთაშორისო საბაზრო მიდგომების გამოყენებით. მოწვეულმა პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ტექნიკური და ფინანსური მიმართულებით.

"გამარჯვებულად გამოვლინდება წინადადება, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს/შერჩევის კრიტერიუმებს და ექნება ჯამური (ტექნიკური წინადადების ქულას პლუს ფინანსური წინადადების ქულა) უმაღლესი ქულა.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვების დასასმელად და კონკურენტუნარიანი სატენდერო წინადადებების მოსამზადებლად (წარმოსადგენად) მონაწილეებს 45-დღიანი ვადა მიეცათ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი წინადადებების ტექნიკურ და ფინანსურ ნაწილში შეფასებას უზრუნველყოფს შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მიერ სპეციალურად შექმნილი სატენდერო კომისია, საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად.

***

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა თებერვალში გამოცხადდა. შერჩეულ ინვესტორთან დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც, სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი, ხოლო 49% კერძო პარტნიორის მფლობელობაში გადავა.

2023 წლის 23 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტით რამდენიმე საერთაშორისო კომპანია დაინტერესდა.

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო.

ანაკლიის პორტის პროექტი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო.


close დახურვა