logo
ENG



TCRC: ანაკლიის "ბლოკირებით" საქართველომ რეგიონში გლობალური მოთამაშის სტატუსი დაკარგა

13 იან 202613:40
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/13/bkkoucehsr72fbl.jpg

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ანაკლიის "ბლოკირებით" საქართველომ რეგიონში გლობალური მოთამაშის სტატუსი დაკარგა.

განცხადებაში საუბარია ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე და აღნიშნულია, რომ პროექტის შეჩერებით - "საქართველომ დაკარგა შესაძლებლობა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან, ანაკლიის გავლით მოეზიდა რევერსული ტვირთნაკადი".

ამასთან, ნათქვამია, რომ ანაკლიის ნავსადგურის პროექტის გაურკვეველი ვადით შეჩერება რუსეთს აძლევს საშუალებას, დაეუფლოს ცენტრალური აზიის სტრატეგიულ ტვირთნაკადებს და მიმართოს საკუთარი სატრანსპორტო დერეფნებით და ნავსადგურებით.

გარდა ამისა, განცხადებაში საუბარია შესაძლებლობებზეც, რომელიც საქართველომ პროექტის შეჩერებით ხელიდან გაუშვა. მათ შორის, ხაზგასმულია დეფიციტური სამუშაო ადგილების დაკარგვა.  

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განცხადება სრულად:

"ანაკლიის ნავსადგურის, როგორც რეგიონში გლობალური მოთამაშის დანიშნულება, თავიდანვე მკაფიოდ იყო გაცხადებული, კერძოდ აფრიკიდან, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიდან, წამოსულ მაღალი წყალწყვის გემებს დაუბრკოლებლივ შეეძლოთ სუეცის არხის და სპარსეთის ყურის გავლით გადასულიყვნენ ხმელთაშუა ზღვაში და შემდგომ, ისევე როგორც, ნებისმიერი ევროპის ნავსადგურიდან შემოსული გემები, გადატვირთვის ოპერაციის გარეშე მოხვედრილიყვნენ შავ ზღვაში.

იმ ვითარებაში, თუ ტვირთების გადაზიდვა გამიზნული იქნებოდა აღმოსავლეთის, კერძოდ, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის, ჩინეთის, ავღანეთის და პაკისტანის მიმართულებით, შავი ზღვის აღმოსავლეთით განთავსებული ღრმაწყლოვანი ანაკლიის ნავსადგური ტვირთნაკადების გადანაწილების ყველაზე მიმზიდველი და ოპტიმალური წერტილი აქნებოდა.

ანალოგიურ დატვირთვას შეიძენდა ანაკლიის ნავსადგური აღმოსავლეთიდან, ძირითადად ჩინეთიდან მომავალი ტვირთებისათვის, ანაკლიას – როგორ ერთ – ერთ მნიშვნელოვან საყრდენ წერტილს, დაემატებოდა, კასპიის ზღვაზე, სინქრონულად მშენებარე – ყაზახეთის, თურქმენეთის და აზერბაიჯანის ახალი სანავსადგურე სიმძლავრეები, რაც ჩინეთის ტვირთებისათვის წარმოქმნიდა თანამედროვე სატრანსპორტო დერეფნის კარკასს, რომელიც ერთობლიობაში გახდებოდა რუსეთზე გამავალი დერეფნის მყარი ალტერნატივა.

ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის გადავადებამ, საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანს დააკარგვინა შესაძლებლობა, ჩამოყალიბებულიყო, როგორც რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის რეალური ალტერნატივა.

იმ ვითარებაში, როცა ჯერ კიდევ „სიცოცხლისუნარიანად“ განიხილებოდა ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, კასპიის ზღვის აღმოსავლეთით განლაგებულ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს დამატებითი სტიმული მიეცათ, კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო დერეფნების ფორმირებისათვის საკუთარ ტერიტორიებზე, თანამედროვე მოთხოვნების დონეზე, განეხორციელებინათ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ასე მაგალითად თურქმენეთმა კასპიის ზღვის გასწვრივ, ავღანეთთან და პაკისტანთან ერთად დაიწყო „ლაპის ლაზური“ დერეფნის ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

უფრო მეტიც, როცა ანაკლიის ირგვლივ, ქვეყნის შიგნით, ტვირთნაკადების და საფინანსო გარანტიების არარსებობის მოტივით, პოლიტიკურ დონეზე, ჯერ კიდევ მკაფიოდ არ იყო გამოკვეთილი, პროექტის „ტორპედირების“ წინაპირობები, მეზობელი ქვეყნები, კასპიის ზღვაზე აქტიურად ახორციელებდნენ ხუთი მნიშვნელოვანი ნავსადგურის მშენებლობა – გაფართოებას, რითაც, ანაკლიის პროექტის განხორცილების შემთხვევაში, ამ ქვეყნებმა შექმნეს საფუძველი, სინქრონულად წონასწორობაში მოეყვანათ შავ და კასპიის ზღვაზე სანავსადგურე სიმძლავრეები. მაგალითად, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, ექსპლუატაციაში შევიდა ახალი ალიათისა და კურიკის ნავსადგურები, მნიშვნელოვნად გაიზარდა – არსებული, ბაქოს, აქტაუს და თურქმენბაშის ნავსადგურების გამტარუნარიანობა.

არსებულ ვითარებაში, როცა აქტაუს და ალიათის ნავსადგურები ყოველწლიურად აუმჯობესებენ ტვირთნაკადების გადამუშავების მაჩვენებლებს, შავი ზღვის საქართველოს მონაკვეთზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის შეჩერება, იმპულსს აძლევს ჩინეთიდან ევროპაში სახმელეთო გადაზიდვები განხორციელდეს ყაზახეთის გავლით ტრანსციმბირული მაგისტრალის გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ, კასპიის ზღვაზე მეზობელ სახელმწიფოებში ახალი სიმძლავრეების შექმნის პარალელურად, საერთო სქემიდან ანაკლიის ამოვარდნა, დამატებით კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს, ვოლგა – დონის არხზე გასვლით, რუსეთ – ირანზე გამავალ ჩრდილოეთ – სამხრეთ სატრანსპორტო დერეფანს, რომლის მყარ საპირწონედ განიხილებოდა ანაკლიის ნავსადგური.

ფაქტიურად, საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ, ანაკლიის პროექტის, სხვადასხვა მიზეზებით, „ტორპედირების“ შესახებ, დერეფნის მეზობელი სახელმწიფობის მიერ საპორტო ინფრასტრუქტურაში განთავსებული ინვესტიციები დაბალი ფინასური უკუგების მატარებელი გახადა, რამაც ერთობლიობაში, სატრანზიტო გადაზიდვების სფეროში, საერთო მიზნების მიღწევაში, საქართველო, მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე წარმოაჩინა ნაკლებ საიმედო პარტნიორად.

ანაკლიის ნავსადგურის პროექტის შეჩერება, ბუნებრივია რუსეთს აძლევს დამატებით შესაძლებლობას, ბელორუსი – რუსეთი – ცენტრალური აზიის ღერძის გამოყენებით, დაუბრკოლებლივ გადაანაწილოს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში წარმოქმნილი ტვირთნაკადები საკუთარი საკუთარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით.

ანაკლიის ნავსადგურის შემთხვევაში პოლონეთს უჩნდებოდა ალტერნატივა, რუსეთ – ბელორუსიის მუდმივად გადატვირთული სასაზღვო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ანაკლიის გამოყენებით, ცენტრალურ აზიაში და ჩინეთში „რევერსული“ ტვირთები მიემართა, კრაკოვ – კონსტანცას ან კატოვიცე – ოდესის მიმართულებებით. ამავე სქემაში ეწერება – რუმინეთი – შავ ზღვის დასავლეთით განლაგებული, უმსხვილესი კონსტანცის ნავსადგურით.

პერსპექტივაში ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წარმოქმნილი დამატებითი ტვირთნაკადი, ანაკლიის ნავსადგურს მისცემთა შესაძლებლობას, კონსტანცის ნავსადგურის გამოყენებით სარკინიგზო – საავტომობილო საბორნე განვითარებისათვის.

ანაკლიის პროექტის შეჩერებით, საქართველომ დაკარგა შესაძლებლობა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან, ანაკლიის გავლით მოეზიდა „რევერსული“ ტვირთნაკადი.

ცენტრალური აზიის საექსპორტო პროდუქციის მოზიდვისათვის, ანაკლიის ნავსადგურს გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა – უზბეკეთისთვის, რომელიც მსოფლიოში შაქრის იმპორტის სიდიდით მეოთხე სახელმწიფოა, ისევე როგორც ყაზახეთი მინერალური სასუქით და ქვანახშირით, თურქმენთი ნავთობგადამუშავებული პროდუქციით ექსპორტით. სადღეისოდ ცენტრალური აზიის ექსპორტი, რუსეთის რკინიგზების გავლით ბალტიის, შავი და კასპიის ზღვებიდან რუსეთის ნავსადგურებში გადაიზიდება. შედეგად, რუსეთის პოლიტიკა თვალნათელია და გაცხადებული, საკუთარი სატრანსპოტო დერეფნების და ნავსადგურების გამოყენებით, დაეუფლოს ცეტრალური აზიის ყველა სტრატეგიულ ტვირთნაკადს, რისთვისაც გეგმაზომიერად ავითარებს შავ ზღვაზე – ნოვოროსიისკის ღრმაწლოვან ნავსადგურს, აზოვის ყურეში – ტამანის ნავსადგურს, კასპიის ზღვაზე – ლაგანის ნავსადგურს, ბალტიის ზღვაზე – უსტ – ლუგის და სანკტ-პეტერბურგის ნავსადგურებს.

ანაკლიის ნავსადგურის გაურკვევლი ვადით შეჩერება, ბუნებრივია რუსეთს საშუალებას აძლევს ცენტრალური აზიის ყველა ტვირთნაკადს დაეუფლოს, და, უფრო მეტიც, მყარად „დაამკვიდროს“ საკუთარ სატრანსპორტო დერეფნებში რომლის გადმორთვა, შავ ზღვაზე კონკურენტი ანაკლიის პროექტის გაჭიანურების პირობებში, ახლო პერსპექტივაში შეუძლებელი იქნება.

ანაკლიის ნავსადგურის პროექტის გაურკვევი ვადით შეჩერება, რუსეთს აძლევს საშუალებას, დაეუფლოს ცენტრალური აზიის სტრატეგიულ ტვირთნაკადებს და მიმართოს საკუთარი სატრანსპორტო დერეფნებით და ნავსადგურებით.

რა შესაძლებობები გაუშვა უშუალოდ საქართველომ ანაკლიის ნავსადგურის და ანაკლია სიტის გაჩერებით? პირველ რიგში – დაიკარგა, დეფიციტური თანამედროვე ტექნოლოგოგიების ცოდნით აღჭურვილი სამუშაო ადგილები, ქვეყანა ევროკავშირთან ინტეგრირების გზაზე ყოფილიყო მეტად დივერსიფიცირებული.

თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი პერსონალის არსებობის ან ევროპის ბაზრისთვის შეთავაზების შემთხვევაში, საქართველოს საზოგადოებაში ჩამოაყალიბდებოდა პერსექტივის განცდა, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ინტეგრირების გზაზე. ყოველივე ეს, კი ევროპის საერთო კეთილდღეობაში, საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვან კონტრიბუციაც აღიქმეოდა.

ანაკლიის ნავსადურის და ანაკლია სიტის გაჩერებით, საქართველომ, ევროკავშირთან ინტეგრირების და საკუთარი ეკონომიკის განვითარების კუთხით დაკარგა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.

ანაკლიის ნავსადგურის გაურკვეველი ვადით გადავადება, უარყოფიდად იმოქმედებს საქართველოში ამარიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე, რადგანაც საქართველოს საინვესტიციო ბაზრიდან ამერიკელი Conti Group და SSA Marine გასვლა, ამერიკელი ინესტორებისათვის და ევროპაში მათი ფილიალებისათვის აღიქვება, ნეგატიურ სიგნალად, ივესტიციების განთავსებასა და დაცულობასთან დაკავშირებით.

ანაკლია სიტის ფუნქიონირებაში გათვალისწინებული ე.წ. ,,ინგლისური კანონმდებლობის“ ჩაშლა, უარყოფითად იმოქმედებს დასავლეთ – აღმოსავლეთ ნაოსნობაში დომინირებული შვეიცარიული – დანიური ლოგისტიკური თუ სანაოსნო კომპანიების საქართველოს იურისდიქციაში შემოსვლაზე.

ანაკლიის ნავსადგურის შეჩერება, უარყოფიდად იმოქმედებს ამერიკელი და ევროპული ინვესტიციების მოზიდვაზე და ლოგისტიკის სფეროში განთავსებაზე.

ბუნებრივია, ანაკლიის ნავსადგურის პროექტის „ბლოკირებას“, სახელმწიფოს მხრიდან გააჩნდა გარკვეული ობიექტური წინაპირობები, რომელთა შორის შესაძლოა ერთ – ერთი ფაქტორის გამოყოფა.

დაბალია ტვირთების გადადგილების სიჩქარე, საზღვრების გადაკვეთის ხანგრძლიობა, ჯერაც სირთულეებია და არამდგრადია დერეფნით კოორდინირებული სატარიფო პოლიტიკის გატარება. მიუხედავად, სატარიფო სფეროში ხელმოწერილი ხელშეკრულებებისა, დერეფანი არაკონკურენტუნარიანია და ევროკავშირის შეფასებით, სავარაუდოდ ანაკლიის პროექტს ექნება გარკვეული დადებითი „ზეწოლა“ მაგრამ, სიმპტომები, რომ ახლო მომავალში რაიმე გამოსწორდეს არ ჩანს.

სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის ნავსადგურის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ერთ – ერთი არგუმენეტი, საქართველოზე გამავალი დერეფნის დაბალი კონკურენტუნარიანობაა.

სახელმწიფოს მთავრობის მხრიდან ანაკლიის ნავსადგურის პროექტის „ბლოკირება“ – შედეგობრივად იწვევს – საქართველოზე გამავალი დერეფნის მიმზიდველობის დაქვეითებას, რეგიონში წარმოქმნილი სტრატეგიული ტვირთნაკადების რუსეთზე გამავალი დერეფნებით ხანგრძლივი ვადით დამკვიდრებას, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, საქართველოს როგორც სანდო პარტნიორის იმიჯის შელახვას, ქვეყნის ლოგისტიკურ სისტემებში უცხოური ინვესტიციების შემცირებას", - აღნიშნულია განცხადებაში. 


close დახურვა