logo
ENG



"ქალი ხარ, გაუფრთხილდი მანდილის ღირსებას, რა" - ოდიშარიას სექსისტური პასუხი ნაცვლიშვილს

20 მარ 202414:15
3 წუთის საკითხავი
clock 1227
2024/03/20/o5hmbz2l9non40j.jpg

"ქალი ხარ და არ გეკადრება, ცოტა გაუფრთხილდი მანდილის ღირსებას, რა" - ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ლელოს წევრის, ანა ნაცვლიშვილის კრიტიკას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ოდიშარიამ ეს სექსისტური განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პლენარულ სხდომაზე ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის დეპუტატები გააკრიტიკა და თქვა, რომ დარბაზში ხმაური იყო და ისინი არ უსმენდნენ ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის გამოსვლას, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ კანონპროექტს წარადგენდა.

"ქალბატონ ნინოსთან არ მაქვს კითხვა, თქვენ მინდა გთხოვოთ ბატონო შალვა - საშინელი ხმაურია დარბაზში და იქნებ თქვენივე უმრავლესობის წევრებს მოუწოდოთ, რომ გუნდის წევრს და ვიცე-სპიკერს პატივი სცენ, როდესაც ის ტრიბუნასთან დგას და მოუსმინონ", - ასე მიმართა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს. პაპუაშვილი ნაცვლიშვილს დაეთანხმა, რომ დარბაზში ხმაური იყო და კოლეგებს სთხოვა, "მოუსმინონ გამომსვლელს".

ამის შემდეგ სიტყვით ბექა ოდიშარია გამოვიდა, რომელმაც ანა ნაცვლიშვილს მოუწოდა "დაანებოს მასწავლებლობას თავი და საკუთარ ზრდილობას მიხედოს".

"გუშინ ვერ მოვასწარი, ქალბატონო ანა დაანებეთ რა ამ მასწავლებლობას თავი, რა და სხვათა შორის, ჩვენს ზრდილობასთან მიმართებით სანამ დაიწყებთ რაღაც აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ, რა და უსმინეთ თქვენს გამოსვლებს ტრიბუნიდან, როგორ საუბრობთ, რა ლექსიკით ესაუბრებით კოლეგებს. ქალი ხარ და არ გეკადრება, რა. ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას, რა", - თქვა ოდიშარიამ.

პარლამენტის თავმჯდომარე და ტრიბუნასთან მდგომი ნინო წილოსანი არ გაემიჯნნენ ბექა ოდიშარიას სექსისტურ განცხადებას. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ "კანონპროექტი სულ სხვა თემას ეხება", ნინო წილოსანმა კი აღნიშნა, რომ "ისურვებდა, სხვა სახის დისკუსია ყოფილიყო აღნიშნული კანონპროექტის გამოტანაზე".


close დახურვა