უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ 11 მარტის პლენუმის სხდომაზე, სადაც ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით განცხადება მიიღეს, განაცხადა, რომ მისთვის კეთილსინდისიერების შემოწმება "კატეგირიულად" მიუღებელია. სხდომის ჩანაწერი გამოცემა ნეტგაზეთმა გამოითხოვა.
ქადაგიძემ აღნიშნა, ყოველგვარ მონიტროინგზე უარს ამბობს და მათი შემოწმების უფლება არავის აქვს.
"მე არ მიცხოვრია ისე, რომ ყოველწლიურ რეჟიმში, კიდევ და კიდევ, მონიტორინგს ვექვემდებარებოდე. როცა მეუბნებით, იქნებ რაღაც დამატებითი მექანიზმი მისაღები იყოს ჩემთვის, ვერანაირი მექანიზმი ვერ იქნება მისაღები, რადგან ყოველწლიურად, და არც ერთი წელი არ გამომიტოვებია, ქონებრივ დეკლარაციას ვავსებ, მზად ვარ, უფრო მეტი შეისწავლონ, უფრო მეტი შეამოწმონ.
შეიძლება, თეორიულად წარმოვიდგინო, რომ ვიღაცას ჩემი კვალიფიკაცია არ მოსწონს, მაგრამ კეთილსინდისიერება ვინ უნდა შემიმოწმოს? მაშინ შეამოწმონ ის ხალხი, ვინც ჩემს კეთილსინდისიერებას შეამოწმებს და ამის შემდეგ შეიძლება კიდევ ვიფიქრო. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ვინ შემამოწმებს. თუნდაც დღეს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ 100%-ით, მე აღარ დავექვემდებარები შემოწმებას, ეს არის ჩემი საბოლოო პასუხი.
თქვენ წინაშე ვდებ ამ პირობას, რომ ცალსახად წავალ სისტემიდან იმიტომ, რომ თუ მე ჩემი ამდენი წელი ცხოვრებით ვერ დავამტკიცე, რომ კეთილსინდისიერი ვარ, მართლა არ ვარ ღირსი, მეკავოს უზენაესი სასამართლოს წევრის პოზიცია, აქ არ არის საუბარი თავმჯდომარეობაზე. ამიტომ, პარლამენტს ხვალ რა აზრი მოუვა და გაუჩნდება, მე ნაკლებად მაინტერესებს. დღეს ეს ჩემთვის სულერთია. მე ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების წესით დავამტკიცე, ვარ კეთილსინდისიერი", - განაცხადა სხდომაზე ნინო ქადაგიძემ.
***
11 მარტს უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის - ე.წ. "ვეტინგის" სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.
განცხადებაში სასამართლო ირწმუნება, რომ ვეტინგი "ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი.
სასამართლოში ფიქრობენ, რომ ვეტინგის სისტემა "მიზნად ისახავს "კეთილსინდისიერების" შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე".
სხდომას 22 მოსამართლე ესწრებოდა. აღნიშნულ განცხადებას უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბაქაქური არ დაეთანხმნენ.