უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძე ამბობს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას იმ შემთხვევაშიც არ აპირებს, თუ ეს საკანონმდებლო დონეზე მოხდება.
ეს განცხადება მან გასულ კვირას უზენაესი სასამართლოს სხდომაზე გააკეთა, რომლის ოქმიც ფორმულამ დღეს მოიპოვა. უზენაესი სასამართლოს სხდომაზე მოსამართლეები ე.წ. ვეტინგის შემოღებას ეწინააღმდეგებოდნენ და საკუთარ აზრს აფიქსირებდნენ.
მაია ვაჩაძე ირწმუნებოდა, რომ ე.წ. ვეტინგი "არაკონსტიტუციურია".
"ხელისუფლების დონეზეც რომ მოხდეს, მე პირობას გაძლევთ თქვენ, რომ მეტ ვეტინგს აღარ გავივლი, რაც არ უნდა მიქნან. გინდა ხელისუფლებამ და გინდა არასამთავრობოებმა. არ გავივლი არანაირად. ახლა არის მხოლოდ არასამთავრობოების დონეზე, ხვალ არ ვიცი ვის დონეზე იქნება. ვის დონეზეც არ უნდა იყოს. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ჩემი კოლეგების ყველა გამონათქვამს, რომ ეს არის არაკონსტიტუციური და მე პირადად მაგონებს, საბჭოთა კავშირში რომ სამეულები იყო - ე.წ. ტროიკები", - განაცხადა მაია ვაჩაძემ.
30 მარტს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა, რომ მისთვის კეთილსინდისიერების შემოწმება "კატეგორიულად" მიუღებელია. მან თქვა, რომ ყოველგვარ მონიტორინგზე უარს ამბობს და მისი შემოწმების უფლება არავის აქვს.
***
11 მარტს უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის - ე.წ. "ვეტინგის" სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.
განცხადებაში სასამართლო ირწმუნება, რომ ვეტინგი "ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი.
სასამართლოში ფიქრობენ, რომ ვეტინგის სისტემა "მიზნად ისახავს "კეთილსინდისიერების" შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე".
სხდომას 22 მოსამართლე ესწრებოდა. აღნიშნულ განცხადებას უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბაქაქური არ დაეთანხმნენ.