კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებულმა რესტავრატორმა ანი შეროზიამ სააგენტოსა და კულტურის სამინისტროს შრომითი დავა მოუგო. ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს.
მათი ცნობით, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია შეროზიას სამსახურიდან გათავისუფლება და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
"საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2024 წლის 29 მარტს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე ანი შეროზია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, რომლითაც დაკმაყოფილდა ანი შეროზიას სარჩელი.
სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ანი შეროზიას სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ანი შეროზია სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან სააგენტოს ანი შეროზიას სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1000 ლარის ანაზღაურება.
ვინაიდან სასამართლო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, სააგენტოს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც სააგენტოსთვის დიდი დანაკლისი იქნება. ანი შეროზია სააგენტოში ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მასალის ერთადერთი რესტავრატორი იყო. ანი შეროზია მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფკავშირის წევრია"- ნათქვამია განცხადებაში.
პროფკავშირების ცნობით, ეს უკვე მე-19 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მოიგეს.
მათივე ინფორმაციით, კიდევ 70-მდე სარჩელი დარჩენილია.