ქალთა მოძრაობა დაჩქარებული წესით პროპოცრიულ საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირების გაუქმებას ეწინააღმდეგება. როგორც მოძრაობაში მიიჩნევენ, ქართულმა ოცნებამ და გირჩმა ამით პოლიტიკაში ქალების მონაწილეობას ბრძოლა გამოუცხადეს.
ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ გენდერული კვოტების გაუქმების წინაპირობები არ არსებობსდა.
"მსგავსი ინიციატივები არის ბრძოლა, არამხოლოდ პოლიტიკოსი ქალების, არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქალის წინააღმდეგ, ამიტომაც:
- ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, ვერთიანდებით ჩვენი უფლებებისა და თანასწორობის დასაცავად მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან ეს არის ქალების განდევნა საჯარო პოლიტიკიდან და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან;
- ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, მტკიცედ დავდგებით ქალთა პოლიტიკური უფლებების დასაცავად, რადგან ქალთა ყველა უფლება დგას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის უფლებაზე;
- ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, მოვითხოვთ მეტ ქალს პოლიტიკაში, ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ითხოვს მეტ ქალს პოლიტიკაში, რადგან ემიგრანტების, მარტოხელა მშობლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვების და სხვა დაუცველი ჯგუფების პრობლემების გადაჭრას სჭირდება სწორედ ქალების ხმა და ქალების ხედვა პოლიტიკაში;
- ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ პარლამენტიდან ქალების გამოძევებას საარჩევნო სიებში მეტი მილიონერი კაცის ჩასმის მოტივით, რომელთა ერთადერთი მიზანი საკუთარი ბიზნესინტერესების დაცვაა და არა ხალხის ინტერესების დაცვა;
- ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, არ დავუშვებთ ჩვენი კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ არსებითი თანასწორობის ხელყოფას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფას და ევროინტეგრაციის გზაზე უკან დახევას;
- ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, ამ უსამართლობას არ შევეგუებით და ყველა პოლიტიკური პარტიისგან მოვითხოვთ, წარმოგვიდგინონ ქალების გაძლიერების გეგმა - არჩევნების დღეს ჩვენ საკუთარი უფლებების დასაცავად მოვალთ საარჩევნო ყუთებთან! ჩვენ ამომრჩეველთა უმრავლესობას - 53% შევადგენთ და 2024 წლის არჩევნებზე ვაჩვენებთ პოლიტიკურ ჯგუგფებს, რომ ჩვენი ხმა გადამწყვეტია!", - აღნიშნულია ქალთა მოძრაობის განცხადებაში.
პირველ აპრილს გირჩი გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. პარტიაში სურთ, ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნას მიღებული.
ქართული ოცნება მის მიერვე მიღებული გენდერული კვოტირების გაუქმებას მხარს უჭერს.