logo
ENG



საერთო სასამართლოების დეპარტამენტი მაისურაძის განცხადებას "ცალსახა სიცრუეს" უწოდებს

02 აპრ 202417:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/02/slikiqh9ft8vmpz.png

საერთო სასამართლოების დეპარტამენტი მოსამართლე მადონა მაისურაძის განცხადებას "ცალსახა სიცრუეს" უწოდებს და ირწმუნება, რომ მაისურაძის ქმარი ბოლო პერიოდში "სისტემატურად არ ცხადდებოდა, ან ნახევარი სამუშაო დღის შემდეგ მიდიოდა სამსახურიდან".

მადონა მაისურაძე ვეტინგის მომხრე ერთ-ერთი მოსამართლეა. მან დღეს ფეისბუქზე დაწერა, რომ მის ამ პოზიციას ქმრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა.

"გავრცელდა მოსამართლე მადონა მაისურაძის ყოვლად უსაფუძვლო განცხადება, თითქოს მისი მეუღლე მისი პოზიციის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. ეს არის ცალსახად სიცრუე, ვინაიდან, მადონა მაისურაძის მეუღლე და ყოფილი მოსამართლე გიორგი ჩემია, რომელიც წლებია მუშაობს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, ბოლო პერიოდში სისტემატურად არ ცხადდებოდა სამსახურში, ან ნახევარი სამუშაო დღის შემდეგ მიდიოდა სამსახურიდან.

მას, სხვა თანამშრომლების მსგავსად, შეეთავაზა რომ სამსახურში დროულად გამოცხადებულიყო და სრული სამუშაო დატვირთვით ემუშავა (კოლეგების თანასწორად), რაზეც მან განაცხადა უარი და თქვა, რომ მისთვის ეს გრაფიკი მიუღებელი იყო და ვერ შეძლებდა ინტენსიურ სიარულს, რის შემდეგაც სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

შესაბამისად, სიცრუეა რომ იგი ვინმემ აიძულა შეეწყვიტა სამსახურებრივი ხელშეკრულება და ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა"- ნათქვამია განცხადებაში. 

***

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეა საუბარი, ნახსენებია მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული პირების კეთილსინდისიერების შემოწმება - ე.წ ვეტინგი.

ვეტინგის სისტემა არის მოდელი, რომლის ფარგლებშიც მოწმდება მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, კომისია კი უცხოელი და ქართველი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს. ამას ითხოვს ვენეციის კომისიაც.

ქართული ოცნების არგუმენტი ისაა, რომ პროცესში უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება. მმართველ გუნდში ცდილობენ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა ოპოზიციის ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა ამას ქვეყნისგან ევროკომისია ითხოვს.

11 მარტს უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის - ე.წ. "ვეტინგის" სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.


close დახურვა