logo
ENG



ქართული ოცნება რუსული კანონის მიღებას ხელახლა ეცდება

03 აპრ 202411:06
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს. ეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა.

მან პარტიის ვრცელი განცხადება წაიკითხა, სადაც უმრავლესობა კვლავ თავს ესხმის არასამთავრობო სექტორს და მათგან დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს.

მდინარაძის თქმით, კანონპროექტი დღეს დაინიცირდება და "სამივე მოსმენით სესიის ბოლომდე იქნება მიღებული".

"საპარლამენტო უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

კანონპროექტი დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული. ერთადერთი განსხვავებით - ჩვენ მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა "უცხოური გავლენის აგენტი" გამოყენებული იქნება ტერმინი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოურო დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისას მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს.

კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული "- თქვა მდინარაძემ.

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.


close დახურვა