logo
ENG



გვარამია: ოცნება რუსული კანონის მიღებას ევროპის ჩემპიონატისას აპირებს, რომ არ იყოს პროტესტი

03 აპრ 202413:27
3 წუთის საკითხავი
 

პარტია ახალის ლიდერი ნიკა გვარამია ქართული ოცნების მიერ რუსული კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა დაინიცირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართული ოცნება ეღობება ისტორიულ მიზანს - საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

გვარამიას თქმით, ოცნების განცხადება, რომ კანონპროექტს დაჩქარებული წესით არ მიიღებენ "ხაფანგია". ის ამბობს, რომ მმართველი პარტია რუსული კანონის მიღებას ივნისში გეგმავს, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რათა მისივე თქმით, ხალხს უბრალოდ არ ეცალოს პროტესტის გამოსახატად.

გვარამია საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, "ნუ ენდობიან ქართულ ოცნებას", რადგან მისივე თქმით, "ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან და ნებისმიერ შემთხვევაში, ის თავისუფლების მტერია".

"ქართული ოცნება არ აძლევს ამ ქვეყანას პოზიტიურ განწყობაზე ყოფნის შესაძლებლობას. სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ ვიცით ჩვენი ამოცანა. იმისთვის, რომ ბედნიერება ვიპოვოთ ამ ქვეყანაში, ქართული ოცნება აღარ უნდა იყოს ხელისუფლებაში. დღეს ქართული ოცნება აღარ არის მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი, ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი ძალა. ის ეღობება ჩვენს ისტორიულ მიზანს, რომელიც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა - ეს არის ჩვენი ევროკავშირში წევრობა.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი პარტია ახალი გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი შექმნის მთავარი საფუძველი ის, რომ ქართველი ხალხი შევიყვანოთ მის ისტორიულ ოჯახში, ევროკავშირში. დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო, გვითხრეს დღეს უმრავლესობის წევრებმა. ეს არის ხაფანგი, კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტი ამ დროს და ხალხს უბრალოდ არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად.

მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევროპულ ოჯახში და ასევე, შევძლებთ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ქვეყანაში, ნებისმიერ ადგილას, სადაც შეგვიძლია. მივმართავ საზოგადოებას, ამ ადამიანების სიტყვას აქვს ჩალის ფასი. ნუ ენდობით მათ ნურც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ოლიგარქია, ტირანია, მხოლოდ დროებით იხევს უკან და ნებისმიერ შემთხვევაში, ის არის თავისუფლების მტერი. მივმართავ დასავლელ პარტნიორებს, ნუ ენდობით ქართულ ოცნებას. ქართული ოცნების სიტყვას აქვს ჩალის ფასი, იმიტომ რომ ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს ქვეყანაში", - განაცხადა გვარამიამ.

***

ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს. ეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა.

მან პარტიის ვრცელი განცხადება წაიკითხა, სადაც უმრავლესობა კვლავ თავს ესხმის არასამთავრობო სექტორს და მათგან დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს.

მდინარაძის თქმით, კანონპროექტი დღეს დაინიცირდება და "სამივე მოსმენით სესიის ბოლომდე იქნება მიღებული".

***

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.


close დახურვა