logo
ENG



ხაბეიშვილი რუსულ კანონზე: ხაზს უსვამენ, რომ არ უნდათ გავხდეთ EU-ის წევრი ქვეყანა

03 აპრ 202413:34
3 წუთის საკითხავი
clock 343
2024/04/03/4w2w2iw03daf93y.jpg

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება ახლა მილევად რეჟიმშია და ყველანაირად ცდილობს, დააზიანოს ქართველი ხალხის ინტერესი.

ხაბეიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ისინი ხაზს უსვამენ, რომ არ სურთ, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

"რამდენიმე დღის წინ აღნიშნავდნენ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლას, რამდენიმე დღეს ვერ გაძლეს და ფაქტობრივად თავს ესხმიან ისევ ევროპულ ღირებულებებს და ამ გადაწყვეტილებით ისინი ნათლად ხაზს უსვამენ, რომ არ უნდათ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ფაქტია, ხელისუფლება ემზადება მარცხისთვის და შესაბამისად, ახლა ცდილობს ყველანაირად დააზიანოს ქართველი ხალხის ინტერესი - გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასევე, ამ თემებით მათ სურთ მთავარი დისკუსია, რომელიც მდგომარეობს ხალხის მიგრაციაში, რომ ასი ათასობით ადამიანი გარბის, რომ ყოველდღიური პრობლემები აქვთ, რომ უმძიმესი გაჭირვებაა, უმუშევრობაა ქვეყანაში, გადაიტანონ სხვა თემებზე და საზოგადოება კიდევ უფრო დაძაბონ და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ამყოფონ. [...]

ამიტომ, ყველა ერთად პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, ქართველი ხალხი უნდა ხვდებოდეს მარტივ ჭეშმარიტებას - ხელისუფლება არის დასრულებული, ისინი არიან მილევად რეჟიმში და ამ ყველაფერს სჭირდება გაფორმება"- თქვა ხაბეიშვილმა.

***

ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს. ეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა.

მან პარტიის ვრცელი განცხადება წაიკითხა, სადაც უმრავლესობა კვლავ თავს ესხმის არასამთავრობო სექტორს და მათგან დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს.

მდინარაძის თქმით, კანონპროექტი დღეს დაინიცირდება და "სამივე მოსმენით სესიის ბოლომდე იქნება მიღებული".

***

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.


close დახურვა