logo
ENG



ბოკერია რუსულ კანონზე: პასუხი უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტი, არჩევნებზე სრული მობილიზაცია

03 აპრ 202414:35
3 წუთის საკითხავი
clock 395
2024/04/03/vzhpas5g1wg4scc.jpg

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სტატუსის მიღების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა ანტიდასავლური პოლიტიკა გააღრმავა.

ბოკერიას თქმით, ამაზე პასუხი მშვიდობიანი პროტესტი და რეჟიმის შესაცვლელად, არჩევნებზე საზოგადოების მობილიზება უნდა იყოს.

"სამწუხაროდ, ევროპული საქართველოს პროგნოზი გამართლდა და სტატუსის მიღების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა გააგრძელა, გააღრმავა ანტიდასავლური პოლიტიკა, ძალის დემონსტრირება. ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ამ რეჟიმის პირობებში, შეუძლებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს ევროპულ, დასავლურ მომავალს და ამაზე პასუხი უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტი და არჩევნებზე საზოგადოების სრული მობილიზაცია, ამ რეჟიმის შესაცვლელად"- ამბობს ბოკერია.

***

ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს. ეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა.

მან პარტიის ვრცელი განცხადება წაიკითხა, სადაც უმრავლესობა კვლავ თავს ესხმის არასამთავრობო სექტორს და მათგან დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს.

მდინარაძის თქმით, კანონპროექტი დღეს დაინიცირდება და "სამივე მოსმენით სესიის ბოლომდე იქნება მიღებული".

***

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.

 

 


close დახურვა