logo
ENG



საბერძნეთში ქართველები დააკავეს - დაჯგუფებამ 700 000 ევრომდე ღირებულების ნივთები მოიპარა

05 აპრ 202409:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/05/hue4q4ksw1vzcdx.jpg

საბერძნეთში კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავეს - ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცნობილია, რომ დაჯგუფების წევრები ატიკის სხვადასხვა რაიონში სახლებს ძარცვავდნენ. პოლიციაში აცხადებენ, რომ 33, 34, 38 და 44 წლის ოთხი კაცი და 33 წლის ქალი, ჩატარებული ოპერაციის დროს, 2 აპრილს დააკავეს. 44 წლის კაცი საბერძნეთის პოლიციამ დაჯგუფების ლიდერად დაასახელა.

ბერძნული პოლიცია ამბობს, რომ დაჯგუფებაში როლები გადანაწილებული იყო - მაგალითად, დაჯგუფების ლიდერი არჩევდა სამიზნეს და ნიშნავდა იმ სახლებს, რომლებიც უნდა გაეძარცვათ, კიდევ ერთი წევრი უშუალოდ საკეტების გახსნაზე მუშაობდა, ხოლო ქურდობამდე ინფორმატორის როლი ჰქონდა მორგებული და სახლების მეპატრონეებს უთვალთვალებდა. ორი წევრი უშუალოდ სიგნალიზაციის საკითხს აგვარებდა და ძარცვის შემდგომ მტკიცებულებებს ანადგურებდა. საქმის მასალებიდან ასევე დგინდება, რომ 33 წლის ქალი, ძირითადად დამლაგებლის სტატუსით სარგებლობდა და დაჯგუფების წევრებს სახლში არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას.

დაჯგუფება სახლიდან ძვირფასეულობებს და სხვა ნივთებს იპარავდა. დაკავებულების სახლების ჩხრეკისას აღმოაჩინეს: ავტომობილი, მოტოციკლი, 3 ლეპტოპი, 370 ევრო, მობილური ტელეფონები და SIM-ბარათები, მრავალი ელექტრონული მოწყობილობა, ძარცვისთვის საჭირო ინსტრუმენტები, დიდი რაოდენობით ძვირადღირებული საათები და სამკაულები, ასევე გასაღები.

მიმდინარე გამოძიების დროს ძარცვისა და ქურდობის 16 საქმე გაიხსნა - დაჯგუფების მიერ მიღებულმა სარგებელმა 690 000 ევროზე მეტი შეადგინა.


close დახურვა