logo
ENG



ადიგენში მუსლიმებს პარასკევის ლოცვის მეჩეთში ჩატარების საშუალებას არ აძლევენ

05 აპრ 202414:41
3 წუთის საკითხავი
 

ადიგენში მუსლიმი თემის წარმომადგენლებს მეჩეთამდე არ უშვებენ და მათ პარასკევის ლოცვის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ.

თავდაპირველად, სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობა მეჩეთთან იყო შეკრებილი. დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად, პოლიციამ მუსლიმებს სალოცავამდე მისასვლელი გზა გადაუკეტა, რამაც მათ შორის მცირე დაპირისპირებაც გამოიწვია.

ამ ეტაპისთვის, მართლმადიდებლებმა ქუჩაში შეკრებილი მუსლიმებისკენ გადაინაცვლეს და მათ წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ, რათა მიაღწიონ იმ შეთანხმებას, რომელზეც მოლაპარაკებები ერთი თვის წინ დაიწყო.

კერძოდ, ამ შეთანხმების მიხედვით, მუსლიმთა თემის წარმომადგენლებს სალოცავად სხვა ადგილი უნდა აერჩიათ, რომელსაც ხელისუფლება გამოყოფდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა.

***

დაპირისპირება ადიგენში მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შორის 8 მარტს დაიწყო, როცა ამ უკანასკნელებს ლოცვა ჩაუშალეს. შემთხვევა იუსუფ მიქელაძის სახლთან მოხდა და ადგილზე პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო.

დაპირისპირების შესახებ საუბრისას, ხულოს მუფთმა, ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ გარკვეული პირები შუღლის გაღვივებას ცდილობენ. კერძოდ, მან ახსენა ადგილობრივ მღვდელი და ასევე დასძინა, რომ მსგავსი შემთხვევები წინა კვირებში მომხდარა.


close დახურვა