logo
ENG



სარჯველაძე: 25 000-ლარიანი ლიმიტიდან ცალკე გამოიყოფა მედიკამენტები ონკოპაციენტებისთვის

05 აპრ 202419:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/05/8vynktc73jjsh52.jpg

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 25 000-ლარიანი ლიმიტიდან ცალკე გამოიყოფა ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

"ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც აწუხებდა ონკოლოგიური პაციენტების უმრავლესობას, ეს იყო დაწესებული 25 000-იანი ლიმიტი იმ დაფინანსებისა, რომელსაც ანაზღაურებს სახელმწიფო. ამ მუშაობის შედეგად, რომელიც მოიცავდა არაერთ შეხვედრას შესაბამის კლინიკებთან, ფარმაცევტულ სექტორთან, სპეციალისტებთან, პარლამენტთან, ასევე თავად ონკოლოგიურ პაციენტებთან, საქართველოს პრემიერმინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000-იანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით.

ამგვარად, პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი. ეს ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც უკვე ამ დროისთვის შეიძლება ჰქონდეთ ამოწურული აღნიშნული 25 ათასიანი ლიმიტი", - ნათქვამია განცხადებაში.

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები უკვე რამდენიმე თვეა მკურნალობის სრულად დაფინანსებას და მოქმედი პროგრამის - წლიურად 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნას ითხოვენ. ასევე, მათ მოთხოვნებში შედის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ბაზარზე შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფა.


close დახურვა