logo
ENG



"4 პირს იძულებით ამუშავებდა საკუთარ ფერმაში" - ტრეფიკინგის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

09 აპრ 202411:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/09/zwk05ohvmu0086l.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრეფიკინგის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა. 

"აღნიშნულის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, ოთხ პირს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, მის კუთვნილ ფერმაში ამუშავებდა. ბრალდებული დაზარალებულებს ტერიტორიის დატოვებასა და მობილური ტელეფონით სარგებლობას უკრძალავდა". 

შსს წერს, რომ ნ.გ ოთხივე მათგანს აიძულებდა, მისი ნებისმიერი მითითება შეესრულებინათ, თუნდაც ეს ფერმაში მუშაობასთან დაკავშირებული არ ყოფილიყო. 

"იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულის მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყოდნენ, ან ის უკმაყოფილო დარჩებოდა შესრულებული სამუშაოთი, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა", - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება სსსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა