პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე ორ განცხადებას ავრცელებს, რომელიც 4 დეკემბერს მიმდინარე ჩხრეკებსა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების დაკავებას ეხება.
პრეზიდენტის თქმით, ჩატარებულ ჩხრეკებს ირაკლი კობახიძე "პრევენციას" უწოდებს.
"რეპრესიული ძალების მიერ ნათრევი პოლიტიკური ლიდერები, პარტიის შტაბი ეწინააღმდეგება ჩხრეკისა და ამოღების ოპერაციებს, ახალგაზრდა მომიტინგეების ოფისებს ჩხრეკენ, პრემიერი ამას "პრევენციას" უწოდებს“, - წერს ზურაბიშვილი.
მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა X-ზე, სადაც ის საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს "ძლიერი ზეწოლა მოახდინონ მმართველ პარტიაზე".
"რეპრესიები საქართველოში - სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურთ აღკვეთონ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა ძლიერი ზეწოლა მოახდინონ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს! ნუ დააგვიანებთ", - წერს პრეზიდენტი.
***
პოლიციამ ნიკა გვარამია ძალის გამოყენებით დააკავა და მანქანით გათიშულ მდგომარეობაში გადაიყვანა.
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, პოლიცია მათ ოფისში შევიდა. გვარამიას თქმით, ისინი ჩხრეკის მიზნით მივიდნენ.
ასევე, დააკავეს კოალიცია ცვლილებისთვის წევრი გელა ხასაიაც.
ამასთან, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ოფისში პოლიცია მივიდა.
ასევე, ფეისბუკჯგუფის "დაიტოვეს" ადმინი ილია ღლონტი წერს, რომ მის სახლში პოლიცია მივიდა. ამის შესახებ მან ინფორმაცია ჯგუფშივე გაავრცელა.
ამასთანავე, მოძრაობა დაფიონის ინფორმაციით, მათი დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს.