logo
ENG



109-ე მუხლით ბრალის დამძიმებას ამ გამოძიების ვადებში ველოდებით - ნიკოლაძე

27 ივლ 202016:08
3 წუთის საკითხავი
clock 710

გიორგი შაქარაშვილის ნათესავი მირიან ნიკოლაძე მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას 11 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს. 

ნიკოლაძე ამბობს, რომ ოჯახის პოზიცია "ტოიოტაში" მჯდომ პირებთან დაკავშირებით უცვლელია და ისინი ავტომობილში მყოფი 6-ვე პირისთვის ბრალის წარდგენას სსკ-ის 109-ე მუხლით [განზრახ მკვლელობის მცდელობა] ითხოვენ. 

"ჩვენი მოლოდინი გამართლდა და მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის ობიექტური. ბრალის დამძიმებას ველოდებით ამ გამოძიების ვადებში. მოგეხსენებათ, რომ ვადა 1 თვით არის გაგრძელებული. დარწმუნებულები ვართ, რომ ამის საფუძველი ახლავე არსებობს. თუ კიდევ რამე შემოგვემატება და ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ გამყარდება, ამაზე კარგი არაფერია და ველოდებით, რომ ასეც მოხდება. ჩვენ პრეტენზია გვაქვს 6-ვე პირთან მიმართებაში, რომ მოხდეს 109-ე მუხლის წაყენება", - განაცხადა ნიკოლაძემ. 

გარდა ამისა, ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილს მცხეთის ხიდზე 3 პირი აედევნება, კერძოდ, კი ვახტანგ ჩიქოვანი და 2 არასრულწლოვანი პირი. ამასთან, ნიკოლაძე ამბობს, რომ ახვლედიანის მიერ ამოცნობის პროცედურაში მონაწილეობას აზრი არ აქვს, რადგან მან ისედაც დაასახელა ის პირები, რომლებიც შაქარაშვილს არ აედევნენ. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ 11-ვე დაკავებული პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 


close დახურვა