logo
ENG



შაჰინი რუსულ კანონზე: საქართველო ამ გზით არ უნდა წავიდეს, თუ ევროპაში ინტეგრაცია სურს

10 აპრ 202419:25
3 წუთის საკითხავი
 

სენატორი ჯინ შაჰინი რუსულ კანონზე საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მისი მიღების პროცესი, რადგანაც ეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის საზიანო იქნება. 

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ მთავრობა მოუსმენს საქართველოს მოსახლეობას და ევროპისკენ სვლას გააგრძელებს. 

"სენატმა უკვე გამოხატა შეშფოთება კანონის ხელახლა ინიციირებასთან დაკავშირებით. ასევე ვიცით, რომ ქართველმა ხალხმაც გამოთქვა თავისი უკმაყოფილება ამ საკითხთან დაკავშირებით. წინა ჯერზე, ამ კანონის წინააღმდეგ ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან ვიცით, თუ რა გავლენა ექნება კანონს მათზე ადამიანებისთვის სერვისების მიწოდების საქმეში. ქვეყანა ამ გზით არ უნდა წავიდეს, თუ მას ევროპული ინტეგრაციისაკენ წინსვლის გაგრძელება სურს. ამ მხრივ მათ ევროკავშირისგან უკვე მიიღეს პოზიტიური პასუხი. ვიმედოვნებ, რომ მთავრობა შეწყვეტს ამ კანონის წინ წაწევას და ამის ნაცვლად, მოუსმინოს საქართველოს მოსახლეობას, რომლის სურვილიც ევროპული ინტეგრაციაა", - თქვა მან.

დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა